უფასო სასადილოების ბენეფიციარები ელექტრონულად აღირიცხებიან
უფასო სასადილოების ბენეფიციარები ელექტრონულად აღირიცხებიან

თბილისის მერიის ინფორმაციით, უფასო სასადილოების ბენეფიციარები ელექტრონულად აღირიცხებიან.

თბილისის მასშტაბით, ბენეფიციართა აღრიცხვის ახალი სისტემით ავტომატურად მოხდება უფასო სასადილოების ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაციის განახლება.

კერძოდ, სოციალურად დაუცველის სტატუსის ცვლილების, შეჩერებისა თუ გაუქმების, გარდაცვალების, ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდის ასახვა და განახლება. ამასთან, ახალი სისტემის დანერგვის შედეგად ზუსტად აისახება სასადილოში ბენეფიციართა დასწრება (სასადილოში გამოცხადების დღე, საათი, წუთი), საპატიო თუ არასაპატიო გაცდენები.

მერიის ცნობით, სიახლესთან დაკავშირებით, ქალაქის მასშტაბით, უფასო სასადილოების ტერიტორიაზე ვიდეოთვალი დამონტაჟდა. სასადილოები აღიჭურვა მობილური ტელეფონებით, ხოლო ბენეფიციარებისთვის პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათები დამზადდა. მობილურ ტელეფონში ჩაწერილ აპლიკაციაზე პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის შეხებით ფიქსირდება ბენეფიციარის ვიზიტი სასადილოში, პარალელურად კი, ეს ინფორმაცია აისახება ბენეფიციართა აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეისათვის თბილისში 63 უფასო სასადილო მოქმედებს, ბენეფიციართა რაოდენობა კი 38 000-მდეა.