„უფასო მედიკამენტების“ პროგრამით 10 თვეში 16 035-მა მოქალაქემ ისარგებლა
„უფასო მედიკამენტების“ პროგრამით 10 თვეში 16 035-მა მოქალაქემ ისარგებლა

„უფასო მედიკამენტების“ პროგრამით 2017 წლის პირველი ივლისიდან დღემდე საქართველოს 16 035-მა მოქალაქემ ისარგებლა. ამის შესახებ პირველ არხს სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.

მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამა ახალია, მოსარგებლეთა აღნიშნული მაჩვენებელი დაბალი არ არის და დროთა განმავლობაში მოსახლეობაში ამ კუთხით ინფორმირებულობა გაიზრდება, რაც მეტ ჩართულობას გამოიწვევს.

მათივე თქმით, იგეგმება ახალი საინფორმაციო კამპანიაც, რომელიც პროგრამის გაფართოებასთან ერთად ამოქმედდება.

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის (ე.წ. უფასო მედიკამენტების) პროგრამით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირს შეუძლია, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100 000-ის ჩათვლით.

პროგრამა ოთხი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე ვრცელდება (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი).

პროგრამის პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ მასში 150 – 200 000 ადამიანი ჩაერთვებოდა. ამჟამად წამლის სუბსიდირების პროგრამაში 23 დასახელების მედიკამენტი შედის.პროგრამის ბიუჯეტი 3, 5 მილიონ ლარამდეა.

გაფართოების შედეგად პროგრამით ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც ისარგებლებენ, მედიკამენტების რაოდენობის გაზრდა კი 50-მდე იგეგმება.

მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, იგეგმება არასამეწარმეო იურიდიული პირის – „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის“ შექმნა, რომლის უმთავრესი ამოცანა მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იქნება.

თუმცა ამ შემთხვევაში წამლის გაცემა ერთ ლარად არ მოხდება და ამოცანაა, რომ ბენეფიციარებმა მაქსიმუმ ნახევარი დახარჯონ იმასთან შედარებით, რაც ახლა ეხარჯებათ მედიკამენტებზე“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.