უფაში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულმა სამმართველომ გაავრცელა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძარი წვის ღუმელის სიახლოვეს გაჩნდა.
სამინისტროს განმარტებით, ქარხანასთან ახლოს განლაგებული დასახლებების მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიზნით ადგილზე გააგზავნეს ლაბორატორია.
ტელეგრამარხებში გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში აფეთქება მოხდა, მანამდე „მოქალაქეებს ესმოდათ დრონების ხმა“. აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ბიძგები იგრძნობოდა შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე სახლებშიც. მათი ინფორმაციით, ხანძარი 100 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ხანძრის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ბაშკირეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოში განაცხადეს, რომ ცეცხლის კერები ლოკალიზებულია.
ცნობისთვის, ბოლოს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა 24 თებერვალს მიიტანა. მაშინ დრონებით რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს.