„უესაიდის“ საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ბათუმის სკოლაში მოსწავლეთა პროექტებს გაეცნო

11:34, 27.03.2019

სამოქალაქო განათლების ფარგლებში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს 230 სკოლაში მოსწავლეთა პროექტები დააფინანსა.

პროექტები სხვადასხვა პრობლემებს უკავშირდება – ბულინგს მოზარდებში, თამბაქოსა და კანაფის მოხმარების ნეგატიურ ზეგავლენას, ასევე ნაადრევი ქორწინების პრევენციას.

სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მოსწავლეთა ხედვებსა და მათ მიერ შექმნილ პროექტებს დღეს ბათუმის 29-ე საჯარო სკოლაში გაეცნო.

„ეს ბავშვები არიან ხვალინდელი დღე, სწორედ მათ უნდა შექმნან ქვეყნის მომავალი და მნიშვნელოვანია, თავიდანვე გააცნობიერონ საკუთარი როლი, ამერიკის შეერთებული შტატები კი, მათ მხარს მომავალშიც დაუჭერს”,-განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

ბათუმის 29-ე საჯარო სკოლაში პროექტები დღეს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან იყო წარმოდგენილი.

პროგრამას საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაცია “პიეიჩ ინტერნეიშენალი” ახორციელებს.

 

მსგავსი