უეს მიტჩელი - საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას ნატო-მ ივლისში დაგეგმილ სამიტზე მხარი უნდა დაუჭიროს
უეს მიტჩელი - საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას ნატო-მ ივლისში დაგეგმილ სამიტზე მხარი უნდა დაუჭიროს

11-12 ივლისს დაგეგმილ სამიტზე ნატო-მ საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას მხარი უნდა დაუჭიროს. ამის შესახებ ბრიუსელში Carnegie-ს ფონდის შეხვედრაზე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, უეს მიტჩელმა განაცხადა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას პარტნიოერბმა ივლისში დაგეგმილ სამიტზე ნათელი და ცალსახა მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ამერიკელმა და ევროპელმა დიპლომატებმა ივლისში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი განიხილეს.

„ჩვენი პოზიცია საკმარისად ნათლად უნდა გამოვხატოთ. რადგან ბუქარესტში გამართული სამიტის შემდეგ, როდესაც ალიანსმა ღია კარის პოლიტიკა გამოაცხადა, უკვე ათი წელი გადის. სწორედ ამიტომ, საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ კრისტალურად ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ კვლავ აღნიშნულ პოლიტიკას ვიზიარებთ“,- განაცხადა უეს მიტჩელმა Carnegie-ის ფონდის შეხვედრის შემდეგ.

ამერიკელმა დიპლომატმა ასევე დასძინა, რომ გარკვეული საშიშროების გამო, ღია კარის პოლიტიკის შეცვლა არასწორი იქნება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის საქართველოს ყველა საჭირო კომპონენტი აქვს.