ლონდონში „უემბლის“ სტადიონი იტალიის ფერებში განათდა. ინგლისმა ამ ნაბიჯით მხარი დაუჭირა იტალიას, რომელიც ევროპულ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსისგან.
27 მარტს, „უემბლიზე“ უნდა გამართულიყო ამხანაგური მატჩი ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის. თამაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გაუქმდა.
„მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია დღეს, საღამოს „უემბლიზე“ მასპინძლობა გაგიწიოთ, მაგრამ ჩვენ თქვენთან ვართ. ეს ბრძოლაა, რომელშიც აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ“, – წერია სტადიონის პრესსამსახურის განცხადებაში.
იტალიის ნაკრებმა ტვიტერის მეშვეობით გადაუხადა ინგლისელებს მადლობა მხარდაჭერისთვის. „ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ მატჩს“, – დაწერა „სკუადრა აძურას“ პრესსამსახურმა.