უეინ რუნიმ კარიერა დაასრულა და „დერბის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
უეინ რუნიმ კარიერა დაასრულა და „დერბის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ჩემპიონშიფის ბინადარი „დერბი ქაუნთის“ პრესსამსახურმა მთავარ მწვრთნელად უეინ რუნის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 35 წლის ინგლისელთან 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი. ამასთან, რუნიმ სათამაშო კარიერის დასრულება გადაწყვიტა და მთლიანად სამწვრთნელო კარიერაზე გადაერთვება.

„როცა პირველად დავბრუნდი დიდ ბრიტანეთში, განცვიფრებული დავრჩი „დერბი ქაუნთის“ საფეხბურთო პოტენციალით. სტადიონი, საწვრთნელი მოედანი, სათამაშო პერსონალის ხარისხი და ახალგაზრდა ფეხბურთელები. და, რა თქმა უნდა, ფანები, რომლებიც ბოლომდე ერთგულები არიან. სხვა წინადადებების მიუხედავად, ინსტინქტურად ვიცოდი, რომ „დერბი“ ჩემთვის კარგი ადგილი იქნებოდა“, – თქვა რუნიმ.

უეინ რუნი ინგლისურ კლუბში გასული წლის იანვარში გადავიდა და მისი მოთამაშე მწვრთნელი გახდა. 2020 წლის ნოემბერში, ნიდერლანდელი ფილიპ კოკუს განთავისუფლების შემდეგ, ინგლისელი „დერბის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

მოთამაშის რანგში რუნიმ „დერბიში“ 35 მატჩი ჩაატარა, რომელშიც შვიდი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი ხელმძღვანელობით კლუბი ჩემპიონშიფის ცხრილში 22-ე ადგილზე იმყოფება. გარდა ამისა, „დერბი“ ინგლისის თასიდან გავარდა მას შემდეგ, რაც მესამე რაუნდში „ჩორლისთან“ დამარცხდა.

ახალ ამპლუაში რუნის დებიუტი 16 იანვარს შედგება, როცა ჩემპიონშიფის რანგში „როტერჰემს“ დაუპირისპირდება.

„დერბის“ გარდა, რუნი საფეხბურთო კარიერისას „ევერტონში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „დი სი იუნაიტედში“ თამაშობდა. „მანჩესტერის“ შემადგენლობაში მან ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და თითოჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის ლიგასა და ინგლისის თასზე. რუნი კლუბის ისტორიაში 253 გოლით საუკეთესო ბომბარდირია.

დატოვე კომენტარი