სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფორვარდი უეინ რუნი დათანხმდა მასთან რამდენიმე სპარინგის გამართვას უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან ბრძოლისთვის მზადების პროცესში.
დეკემბერში ფიურიმ დერეკ ჩისორა დაამარცხა და ტიტული დაიცვა. ახლა, ბრიტანელი აპირებს უკრაინელ მოკრივესთან ბრძოლას. ეს იქნება ტიტულების გამაერთიანებელი ორთაბრძოლა და ის, სავარაუდოდ, 2023 წლის თებერვალ/მარტში გაიმართება.
„ველაპარაკე უეინს და ის მზად არის ამისთვის. ვაპირებთ, მოვიწვიოთ ალექსანდრ უსიკთან ბრძოლისთვის მზადებისას. ეს ხუმრობა არ არის, სერიოზულად ვლაპარაკობ. ის ჩვენს ბანაკს შემოუერთდება ბრძოლამდე ოთხი კვირით ადრე, რათა დამეხმაროს“, – მოჰყავს ფიურის სიტყვები ESPN-ს.
37 წლის რუნი MLS-ის კლუბის, „დი სი იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელია. ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კრივის დიდი თაყვანისმცემელია.