„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, უეინ რუნი რუბენ ამორიმის შესაძლებლობებს სკეპტიკურად აფასებს. ის არ თვლის, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამორიმი სიტუაციას შეცვლის, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ვნახე, ამის რწმენა აღარ მაქვს. უბრალოდ არ ვიცი, რა ხდება, მთლიან საფეხბურთო კლუბს ვერ ვცნობ. ვერ ვხედავ ფეხბურთელების ბრძოლას, ხასიათს, გამარჯვების სურვილს.
„იუნაიტედმა“ სული დაკარგა, ის აღარ არსებობს, გუნდს ახალი სიცოცხლე სჭირდება, რათა თავიდან ამუშავდეს.
მეც ვცადე თავი მენეჯმენტში და კარგად არ გამომივიდა, ასე რომ, ამ ნაწილში მესმის ამორიმის. რუბენი ჩემხელაა – ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ის, რაც ახლა გუნდში ხდება, ეს არ არის „იუნაიტედი“, – ამბობს რუნი.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ახალი სეზონის 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს. ბოლო მატჩი ამორიმის გუნდმა სტუმრად „ბრენტფორდთან“ 1:3 დათმო.