უეფა-ს სამი ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების დაბრუნების წინააღმდეგ გამოვიდა #1TVSPORT
უეფა-ს სამი ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების დაბრუნების წინააღმდეგ გამოვიდა #1TVSPORT

26 სექტემბერს, კვიპროსში უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები შეძლებს საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას, ოღონდ დროშის, ჰიმნისა და ეროვნული ნაკრების ფორმის გარეშე და არა რუსეთის ტერიტორიაზე.

Sky News-ის ინფორმაციით, უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე ორგანიზაციის ხუთი ვიცე-პრეზიდენტიდან სამი რუსეთის იუნიორთს ნაკრების დაბრუნების წინააღმდეგი იყო.

ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდნენ ინგლისელი დევიდ გილი, პოლონელი ზბიგნევ ბონეკი და უელსელი ლაურა მაკალისტერი.

ამასობაში, იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც არ ითამაშებენ რუსეთის იუნიორთა ნაკრების წინააღმდეგ უეფა-ს ეგიდით გასამართ ტურნირებზე.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვეს უკრაინამ და ინგლისმა. შემდეგ ამ ბოიკოტს შეუერთდნენ პოლონეთი და ლატვია, მათ დაემატათ შვედეთი და დანია. რიგით მეშვიდე ქვეყანა, რომელიც აპროტესტებს რუსეთთან თამაშს – გახდა ლიეტუვა. მოგვიანებით, ამ სიას ნორვეგიაც დაემატა.

ამ ქვეყნების ფედერაციებმა დაამატეს, რომ არ ითამაშებენ რუსების წინააღმდეგ იმ შემთხვევაშიც, თუ მათ სანქციები დაემუქრებათ.