უეფა-ს გადაწყვეტილება - ქვეყნები, რომლებიც კოსოვოს ნაკრებს არ მიიღებენ, დაისჯებიან
უეფა-ს გადაწყვეტილება - ქვეყნები, რომლებიც კოსოვოს ნაკრებს არ მიიღებენ, დაისჯებიან

უეფა ამზადებს სანქციებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც კოსოვოს ნაკრებისა და მისი გუნდების მიღება არ სურთ.

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრე ჩეფერინმა განაცხადა, რომ განახლებული წესები ყველა ქვეყნის ფეხბურთის გუნდს ავალებს, ეთამაშონ კოსოვოს ეროვნულ ნაკრებს და კლუბს, საკუთარ ტერიტორიაზე თუ კოსოვოში. გამონაკლისი მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით შეიძლება, დაუშვან სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის.

უეფა-ს ვებგვერდის ცნობით, გუნდებს, რომლებიც ვერ მიიღებენ კოსოვოს კლუბებსა თუ ეროვნულ გუნდებს თავიანთ ტერიტორიაზე, შეუძლიათ, მოითხოვონ მატჩის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარება. ამავე დროს ისინი ვალდებულნი არიან, კოსოვოში გასვლითი მატჩი ჩაატარონ.

თუ კოსოვოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, ამასთან შეგუება მოუწევს ყველა ქვეყანას, რომლებიც კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ. ევროპის ჩემპიონატს 2020 წელს 11 ქვეყანა უმასპინძლებს, მათგან ოთხი კი კოსოვოს არ აღიარებს – აზერბაიჯანი, რუმინეთი, რუსეთი და ესპანეთი.

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს 55-ე წევრი 2016 წლის მაისში გახდა. ბუდაპეშტში ჩატარებულ უეფა-ს კონგრესზე ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 28 ქვეყანამ, 24 (მათ შორის, საქართველოც) წინააღმდეგი იყო. ორი ბიულეტენიც გაბათილდა. წინააღმდეგ წასულთა აზრით, უეფა-ს დებულება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წევრობაზე თანხმობას კრძალავს.