უეფა-ს ექსპერტები ქართული ფეხბურთის ახალი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობდნენ #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შესამუშავებლად თბილისში დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ვორქშოფში მონაწილეობდნენ სფფ-ის მენეჯმენტისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები, უეფა-ს სტრატეგიული დაგეგმვის ექსპერტები – დენ ფლეტჩერი და ჯეკ გილ-ბრაუნი, ასევე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მონაწილეებმა განიხილეს ძირითადი პრიორიტეტები და მიზნები, ასევე მათ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული ამოცანების შესრულების მექანიზმებს, შედეგების შეფასებას, ორგანიზაციულ პასუხისმგებლობებსა და რესურსებს.
სამუშაო შეხვედრების შედეგად მიღებული უკუკავშირი და რეკომენდაციები სტრატეგიული განვითარების გეგმის საბოლოო ვერსიაში აისახება. ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმა 2027-2031 წლებს მოიცავს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წინა სტრატეგიული განვითარების გეგმა უეფა-სთან თანამშრომლობით 2022 წელს წარადგინა.