უეფა-მ რუსეთის ნაკრები 2024-25 წლების ერთა ლიგაზე არ დაუშვა - ამ გადაწყვეტილებით თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებმა C ლიგაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
უეფა-მ რუსეთის ნაკრები 2024-25 წლების ერთა ლიგაზე არ დაუშვა - ამ გადაწყვეტილებით თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებმა C ლიგაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT

უეფა-მ გაახანგრძლივა რუსეთის ნაკრების დისკვალიფიკაცია საერთაშორისო ტურნირებიდან. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2024-25 წლების ერთა ლიგის მონაწილეთა 54-გუნდიანი სია და მასში არ არის რუსეთი, რომელსაც C ლიგაში უნდა ეთამაშა.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ უეფა-მ გააუქმა კვიპროსისა და ბელარუსის მონაწილეობა პლეი აუტის მატჩებში C ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

კვიპროსმა, ბელარუსმა, ლიეტუვამ და გიბრალტარმა ბოლო ადგილები დაიკავეს 2022-23 წლების გათამაშებისას C ლიგის ჯგუფებში. რეგლამენტის თანახმად, D ლიგაში ვარდება ორი გუნდი და ამ ოთხეულს ერთმანეთში უნდა ჩაეტარებინა პლეი აუტის მატჩები იმის გასარკვევად, ვინ დარჩებოდა C ლიგაში და ვინ დაქვეითდებოდა D ლიგაში.

გიბრალტარი-კვიპროსისა და ლიეტუვა-ბელარუსის შეხვედრები 2024 წლის მარტში იყო დაგეგმილი, მაგრამ წილისყრის პროცედურიდან რუსეთის გარიცხვის შემდეგ, D ლიგაში უნდა დაქვეითდეს მხოლოდ ერთი გუნდი პლეი აუტიდან. აღნიშნული ოთხეულიდან წინა გათამაშებაში ყველაზე მეტი ქულა კვიპროსმა (5) და ბელარუსმა (3) მოიპოვეს და, შესაბამისად, მათ შეინარჩუნეს ადგილი C ლიგაში.

პლეი აუტში ერთმანეთს ლიეტუვა და გიბრალტარი შეხვდებიან. მათ ერთა ლიგის წინა გათამაშებაში თავიანთ ჯგუფებში თითო-თითო ქულა დააგროვეს.

2024-25 წლების ერთა ლიგის მონაწილეთა სია ასე გამოიყურება:

A ლიგა – ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ნიდერლანდები, დანია, პორტუგალია, ბელგია, უნგრეთი, შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, ისრაელი, ბოსნია, სერბეთი, შოტლანდია.

B ლიგა – ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.

C ლიგა – რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები, მაკედონია, სლოვაკეთი, ჩრ. ირლანდია, კვიპროსი, ბელარუსი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა/გიბრალტარი.

D ლიგა – ლიეტუვა/გიბრალტარი, მოლდოვა, მალტა, ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტაინი.

წილისყრა 2024 წლის 8 თებერვალს პარიზში გაიმართება. პროცედურის შედეგად, A, B და C ლიგებში 4-4 ჯგუფი ჩამოყალიბდება თითოში ოთხ-ოთხი გუნდით, D ლიგაში კი შეიქმნება ორი სამგუნდიანი ჯგუფი.