უეფა-მ ქალთა ევროპის ჩემპიონატი გადადო
უეფა-მ ქალთა ევროპის ჩემპიონატი გადადო

უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტმა დაადგინა, რომ ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი გადაიდება და ტურნირი ინგლისში 2022 წლის 6 ივლისიდან 31 ივლისამდე გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაცია უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

„როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება ევრო 2020 გადავადების შესახებ, ისიც გავითვალისწინეთ, რომ ეს გავლენას მოახდენდა ქალთა ევრო 2021-ის თარიღებზე. ჩვენ ყურადღებით განვიხილეთ ყველა ვარიანტი და პირველ რიგში ვხელმძღვანელობდით ქალთა ფეხბურთის განვითარების სურვილით, ქალთა ევრო-2021 ერთი წლის გადადება ნიშნავს, რომ ეს იქნება ერთადერთი მთავარი ტურნირი 2022 წლის ზაფხულში. ამ გზით იგი მიიქცევს იმ ყურადღებას, რომელიც იმსახურებს“, – აცხადებს უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდრე ჩეფერინი.

ქალთა ევრო-2021 გადატანის გადაწყვეტილება უეფა-მ მას შემდეგ მიიღო, როდესაც COVID19–ის პანდემიის გამო, 17 მარტს ევრო2020 2021 წლისთვის გადაიდო. ამით უეფა-მ ეროვნული და ევროპული თასის ტურნირების დასრულების შესაძლებლობა შეინარჩუნა. გადაწყვეტილების მიღებამდე უეფა აქტიურად განიხილავდა საკითხს, მათ შორის ბირმინგემში, თანამეგობრობის 2022-ის თამაშების ორგანიზატორებთან.

უეფა-ს ქალთა საფეხბურთო განყოფილების ხელმძღვანელმა ნადინ კესლერმა აღნიშნა: „ქალთა ევროპის ჩემპიონატი არის ქალთა უდიდესი სპორტული ტურნირი ევროპაში და ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ტურნირი მსოფლიოში. ახალი გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მედიის მაქსიმალურ გაშუქებას, სტადიონებზე კარგ დასწრებას და იმასაც, რომ ჩემპიონატს მთელმა პლანეტამ უყუროს. 2021 წლის ზაფხულის დატვირთული კალენდრის შემთხვევაში, ეს გაცილებით რთული იქნებოდა. ეს აშკარა სიგნალია, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით იმ პარტნიორებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ მას შემდეგ, რაც ქალთა და მამაკაცთა ტურნირების სასპონსორო უფლებების გამიჯვნა გადავწყვიტეთ“.