უეფა-მ მარტვილური პროექტი ევროპაში საუკეთესოდ აღიარა - ჯესი სურმავას უმაღლესი ჯილდო მიანიჭეს
უეფა-მ უმაღლესი ჯილდო მარტვილის საფეხბურთო სკოლას გადასცა.
მარტვილის საფეხბურთო სკოლის ოფიციალური გვერდის ცნობით, უეფა-მ ქართულ ფეხბურთში აკადემიის წვლილი გამოარჩია და საგანგებო ჯილდო გადასცა.
„დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შეგვატყობინეს, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიერ უეფა-ში წარდგენილ იყო წლების მანძილზე ჯესი სურმავას მიერ მარტვილის საფეხბურთო სკოლის და ზოგადად სამეგრელოს რეგიონში ფეხბურთის განვითარებისთვის განხორციელებული პროექტები. უეფა-მ მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი პროექტი ევროპაში საუკეთესოდ აღიარა და ჯესი სურმავას უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი მიანიჭა“, – წერია მარტვილის საფეხბურთო სკოლის ოფიციალურ გვერდზე.
ამ დონის საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან უპრეცენდენტოა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ამის გამო სკოლის დირექცია ფეხბურთის ფედერაციის მადლიერია:
„მარტვილის საფეხბურთო სკოლა მადლობას უხდის, პირველ რიგში, ფეხბურთის ფედერაციას და მის თანამშრომლებს მხარდაჭერისათვის და ასევე ყველა პიროვნებას, თუ უწყებას წლების მანძილზე გვერდში დგომისათვის“.