უეფა-მ გამოაცხადა, რომ იტალიაში მხოლოდ ერთი სტადიონია მზად ევრო 2032-სთვის #1TVSPORT
უეფა-ს დირექტორმა მიკელე უვამ განაცხადა, რომ იტალიას სერიოზული პრობლემები აქვს ევრო 2032-სთვის ხუთი სტადიონის მომზადებაში. ამ ტურნირს იტალიური მხარე თურქეთთან ერთად უმასპინძლებს. ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთი არენა შეესაბამება მოთხოვნებს – ტურინის „ალიანც იუვენტუს სტედიუმი“.
„იტალიას სჭირდება ხუთი სტადიონი, რომელიც ევრო 2032-ის მოთხოვნების, აგრეთვე უკვე დამტკიცებული და დაფინანსებული პროექტების შესაბამისი იქნება. ამ მომენტისთვის მზად არის მხოლოდ ერთი – სტადიონი ტურინში. „სტადიო ოლიმპიკოს“ რომში სჭირდება გარკვეული ცვლილებები, „სან-სიროსთან“ დაკავშირებული სიტუაცია უფრო რთულია.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა უფლებები ტურნირის ჩატარებაზე და დიდი პროგრესი არ შეინიშნება. საქმე არა მხოლოდ ხუთ სტადიონშია – იტალიისთვის აუცილებელია ინვესტირება სტადიონების განვითარებაში უფრო პატარა კლუბებისთვის. მაგალითად, თურქეთში ბოლო წლებში 13 ახალი სტადიონი ააშენეს და მათ შორის არის არენები, რომლებიც არ მიიღებენ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს.
ინგლისში გადააკეთეს „უემბლი“, ბრაზილიაში – „მარაკანა“ – ეს ფეხბურთის ტაძრები იყო. მესმის, რომ ხალხი მიჩვეულია ძველ სტადიონებს, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი მუდმივი ნაგებობებია. „სან-სირო“ – ეს არის ლამაზი ძეგლი, მაგრამ ორივე მილანურ კლუბს უნდა ჰქონდეს საკუთარი თანამედროვე სტადიონი, რომლებიც ახალ შემოსავალს მოიტანენ“, – განაცხადა უეფას დირექტორმა გაზეთ Tuttosport-თან ინტერვიუში.