უძრავი ქონების საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსა და როლანდ ბლადაძეს შორის მორიგება კვლავ ვერ შედგა 
უძრავი ქონების საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსა და როლანდ ბლადაძეს შორის მორიგება კვლავ ვერ შედგა 

უზენაეს სასამართლოში მოქალაქე როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განხილვაზე შეთანხმება ვერც დღევანდელ პროცესზე ვერ მოხდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინიშნა ექსპერტიზა, რომელიც ბათუმში არსებულ უძრავ ქონებას ჩაუტარდება და მხარეები მორიგებისთვის კონსულტაციებს გააგრძელებენ.

საუბარია ბათუმში არსებულ უძრავ ქონებაზე, რომელზეც ბლადაძე ამბობს, რომ მას 2004 წელს უკანონოდ ჩამოართვეს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს გადასცეს.

უზენაეს სასამართლოში რამდენჯერმე წინა სასამართლო სხდომები გადაიდო რადგან სასამართლომ მხარეებს ეკონომიკის სამინისტროს და ბლადაძეს მორიგებისთვის ვადა მისცა.

როლანდ ბლადაძე აცხადებს, რომ მისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 200 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს მიერ თბილისში კეკელიძის ქუჩაზე შეთავაზებული ქონება ამ ღირებულების და შესაბამისი ფართის არ არის.

დღევანდელ სხდომაზე მორიგების პროცესის გასაგრძელებლად ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა პროცესის გადადება. მოსამართლე დათანხმდა შუამდგომლობას და საქმის განხილვა 26 აპრილს გაგრძელდება, თუმცა მოსამართლე ნინო ბაქაქურმა განაცხადა, რომ მორიგების მიზნით, კიდევ დამატებით სხდომების გადადება აღარ მოხდება.

სასამართლო სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ადვოკატმაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

ადვოკატი გოჩა გოგიშვილი ამბობს, რომ პაპუაშვილი ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ შეთავაზებაზე არ სურს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, რათა ბლადაძის მხარის მიერ შეთავაზებულ ქონებაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ მოხდეს რაიმე სახით ზემოქმედება.

პაპუაშვილის მხარეს დღევანდელ პროცესზე საშუალება მიეცა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად იმ მიმართულებით, რომ არის თუ არა თანახმა, ბლადაძეს პირვანდელი ქონება გადასცეს, სანაცვლოდ კი ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბლადაძესთვის შეთავაზებული ქონება მიიღოს.

როლანდ ბლადაძის ადვოკატის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მორიგება არ მოხდება, ბლადაძის მხარე აპირებს სტრასბურგის სასამართლოში იჩივლოს და სახელმწიფოს უძრავი ქონების გადაცემასთან ერთად ზიანის ანაზღაურებაც მოსთხოვოს.

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წელს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს ბლადაძის მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა.