უძრავი ქონება, ხელფასი და ოჯახის შემოსავალი - საჯარო მოხელეების დაჯარიმების დეტალები
უძრავი ქონება, ხელფასი და ოჯახის შემოსავალი - საჯარო მოხელეების დაჯარიმების დეტალები

პირველმა არხმა საჯარო სამსახურის ბიუროდან ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა. მიღებულ დოკუმენტში საუბარია თანამდებობის პირთა მიერ დაშვებულ კონკრეტულ შეცდომებზე, რომელთა გამო ისინი ათასი ლარით დააჯარიმეს.

პარლამენტის წევრის, თამაზ ნავერიანის დეკლარაციაში არ იყო ასახული უძრავი ქონების დიდი ნაწილი, ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, არასრულად იყო ასახული შემოსავლები და საბანკო ანგარიშები.

პარლამენტის წევრის, გუგული მაღრაძის დეკლარაციაში არასწორად იყო ასახული ხელფასი, საბანკო ანგარიშის ნაშთები დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით. არ იყო ასახული უძრავი ქონება (ავტოფარეხი), იჯარის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული მატერიალური შედეგი.

პარლამენტის წევრის, ოთარ ჩრდილელის დეკლარაციაში არ იყო ასახული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი), ოჯახის წევრის ინდმეწარმეობის ფაქტი, საკუთარი და ოჯახის წევრის ხელფასი. დეკლარაციაში არასწორად იყო ასახული საბანკო ანგარიშის ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით.

პარლამენტის წევრის, არჩილ თალაკვაძის დეკლარაციაში არასრულად იყო ასახული საბანკო ანგარიშები (დამხმარე ანგარიშები), ოჯახის წევრის შემოსავლები, არ იყო სწორად ასახული სესხის ხელშეკრულება.

პარლამენტის წევრის, აკაკი ზოიძის დეკლარაციაში არასრულად იყო ასახული საბანკო ანგარიშები და შემოსავლები, დაფიქსირდა შეუსაბამობა ნაშთებში, არ იყო სწორად ასახული სესხის ხელშეკრულება.

პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის დეკლარაციაში არ იყო ასახული საკუთარი საბანკო ანგარიში, საკუთარი და ოჯახის წევრის ხელფასი, ოჯახის წევრის მიერ დადებული სესხის ხელშეკრულება.

პარლამენტის წევრის, რამაზ ნიკოლაიშვილის დეკლარაციაში დაფიქსირდა შეუსაბამობა წლიურ შემოსავალსა და გასავალს შორის.

პარლამენტის წევრის, ირაკლი აბუსერიძის შემთხვევაში, გამოვლინდა შეუსაბამობა შემოსავლის გრაფაში.

პარლამენტის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის დეკლარაციაში არ იყო დაფიქსირებული საანგარიშო პერიოდში გაწეული ხარჯი, რომლის ოდენობაც აღემატება 1500 ლარს. დაფიქსირდა შეუსაბამობა ნაშთებში.

პარლამენტის ყოფილ წევრს, თემურ მაისურაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა საკუთრებაში არსებული სარდაფი. არასრულად იყო ასახული საბანკო ანგარიშები და შემოსავლები. არ იყო ასახული სესხის ხელშეკრულება.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას დეკლარაციაში არასრულად იყო მითითებული უძრავი ქონება (დამხმარე შენობა-ნაგებობები). დეკლარაციაში არ იყო მითითებული საბანკო ანგარიშები, შეცდომით მითითებულია ნაშთები.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის დეკლარაციაში არ იყო ასახული ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი – 3 500 აშშ დოლარი.

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის დეკლარაციაში არასწორად იყო ასახული საბანკო ანგარიშის ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით. შეუსაბამობა დაფიქსირდა სამეწარმეო ნაწილში – მას შპს-ს დაფიქსირება გამორჩა.

112-ის დირექტორის, გიორგი ბიჭაშვილის დეკლარაციაში არ იყო ასახული მისი და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები. ასევე, გაწეული ხარჯი, რომლის ოდენობა ერთჯერადად აღემატება 1500 ლარს. დეკლარაციაში არასწორად იყო ასახული სესხის ოდენობა და ოჯახის წევრის ხელფასი.

პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის დეკლარაციაში არასწორად იყო ასახული ხელფასი და საბანკო ანგარიშის ნაშთები დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით.

თბილისის საკრებულოს წევრის გიორგი მუსხელიშვილის დეკლარაციაში არ იყო ასახული ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, არასრულად იყო ასახული საბანკო ანგარიშები, დაფიქსირდა შეუსაბამობა ნაშთებში, არ იყო სწორად ასახული სესხის ხელშეკრულება.

ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას საბანკო ნაშთებში ფიქსირდება სხვაობები. შეუსაბამობა დაფიქსირდა მიღებულ შემოსავალში.

სემეკ-ის წევრის, გოჩა შონიას დეკლარაციაში შეუსაბამობა დაფიქსირდა უძრავი ქონებისა და შემოსავლების ნაწილში. არასწორად იყო ასახული საბანკო ანგარიშის ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით.

კულტურის მინისტრის მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის დეკლარაციაში არასრულად იყო ასახული საბანკო ანგარიშები (დამხმარე ანგარიშები), დაფიქსირდა შეუსაბამობა ნაშთებში, არ იყო ასახული სესხის ხელშეკრულება, არასრულად იყო ასახული შემოსავლები.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ზამბახიძის დეკლარაციაში არ იყო ასახული მეუღლის სამეწარმეო საქმიანობა.

ყოფილი მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის დეკლარაციაში შეუსაბამობა დაფიქსირდა შემოსავლების ნაწილში. ამასთან, საბანკო სესხებზე შეცდომით ჰქონდა დაფიქსირებული ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი.

„თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სააკაშვილის დეკლარაციაში შეცდომით იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთები. მითითებული არ იყო ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. არასრულად იყო დაფიქსირებული შემოსავლები.