უცნაური ფრინველი, რომელიც ევოლუციამ ორჯერ წარმოშვა
უცნაური ფრინველი, რომელიც ევოლუციამ ორჯერ წარმოშვა

ბუნებაში ხშირად რაღაც მეორდება იმისთვის, რომ შედეგი უკეთესი იყოს. სწორედ ასეთი საჩუქარი გაუკეთა დედაბუნებამ ერთი უწყინარ ფრინველს, თეთრყელა ლაინას (Dryolimnas cuvieri).

ინდოეთის ოკეანეში მდებარე ერთ ციცქნა კუნძულ (ატოლი) ალდაბრაზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფრინველის ერთმა სახეობამ ფრენის უნარი ორი სხვადასხვა გარემოების გამო დაკარგა.

ათობით ათასი წლის წინ, ამ უშიშარი სახეობის წარმომადგენლები თავიანთ სამშობლოდან, მადაგასკარიდან სეიშელის კუნძულებისაკენ, რგოლის ფორმის ატოლზე გაიქცნენ. ახალი სამშობლო მათთვის ნამდვილი სამოთხე აღმოჩნდა, ადვილად მოიპოვებდნენ საკვებს და შეუფერხებლად მრავლდებოდნენ; შესაბამისად, მავრიკიზე ერთ დროს გავრცელებულ ფრინველ დოდოს მსგავსად, ეს სახეობაც ფრენის უუნარო გახდა.

ალბათ ერთადერთი, რასაც ეს ფრინველები არ მოელოდნენ, დიდი ტალღები იყო. დაახლოებით 136 000 წლის წინ, ალდაბრას ატოლი გიგანტურმა ტალღებმა შთანთქა; გაქრა ფრენის უუნარო ფრინველი ლაინაც.

დაახლოებით 36 000 წლის შემდეგ, როდესაც ატოლის ზედაპირი წყლიდან კვლავ მაღლა ამოვიდა, ყველაფერი თავიდან დაიწყო. სულ მალე, იგივე ფრინველები მადაგასკარიდან ისევ ალდაბრასკენ გაიქცნენ და წარმოშვეს ფრენის უუნარო ფრინველთა კიდევ ერთი სახეობა, რომელიც ამ კუნძულზე დღემდე არსებობს (Dryolimnas cuvieri aldabranus).

ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა მეცნიერებმა ასეთი ფაქტი აღმოაჩინეს არა მხოლოდ ლაინას, არამედ ზოგადად, ფრინველებში.

როგორც ავტორები კვლევაში წერენ, ალდაბრას უძველესი პალეონტოლოგიური ჩანაწერები გააჩნია ინდოეთის ოკეანის ყველა სხვა კუნძულს შორის, აღმოჩენილია ნამარხი, რომელიც აჩვენებს ზღვის დონის ცვლილების გავლენას გადაშენებისა და რეკოლონიზაციის მოვლენებზე.

კვლევის მიხედვით, ალდაბრაზე არსებულმა გარემო პირობებმა, ძირითადად კი ხმელეთის მტაცებლებისა და კონკურენტი ძუძუმწოვრების არარსებობამ, თეთრყელა ლაინა ორჯერ გახადა ფრენის უუნარო.

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მკვლევართა განცხადებით, მტკიცებულებები უდავოა. ალდაბრას დატბორვამდელი და შემდგომი პერიოდის ნამარხი ძვლების შედარების შედეგად მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ფრთის ძვლები თანდათან ფრენისთვის გამოუსადეგარი გახდა, წვივის ძვლები კი მეტი წონისთვის მორგებული.

ავტორთა განცხადებით, ნამარხები ადასტურებს, რომ ლაინები შეუპოვრად ცდილობდნენ კოლონიზაციას მადაგასკარის ირგვლივ არსებულ კუნძულებზე, რასაც წარმატებითაც ახერხებდნენ. იზოლირებულ კუნძულებზე გადასახლების შემდეგ კი ამ ფრინველებმა ფრენის უნარი მრავალჯერ დაკარგეს.

კვლევა Zoological Journal of the Linnean Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceDaily-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.