უცნაური ამბავი მაროკოს ნაკრებში - ჰიმნი ერთმა მეკარემ შეასრულა, მეორემ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
უცნაური ამბავი მაროკოს ნაკრებში - ჰიმნი ერთმა მეკარემ შეასრულა, მეორემ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

უჩვეულო ამბავი მოხდა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგია-მაროკოს შეხვედრისას — აფრიკელებიდან ეროვნული ჰიმნების შესრულების დროს მეკარე იასინ ბუნუ დადგა, მაგრამ გუნდური ფოტოს გადაღებისას მისი ადგილი მოჰამედ მუნირმა დაიკავა და მატჩიც ჩაატარა.

საერთოდ, ჰიმნების შესრულების დროს და გუნდური ფოტოს გადაღებისას ერთი და იგივე კიპერი დგება — რომელიც ძირითად შემადგენლობაშია. მაროკოელების პირველი ნომერი კი „სევილიის“ მეკარე ბუნუა — სწორედ მან ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური მატჩი 17 ნოემბერს შარჯაში საქართველოს ნაკრებთან და მუნდიალის გახსნითი შეხვედრა ხორვატიასთან.

როგორც გაირკვა, „სევილიის“ მეკარეს, ბუნუს უნდა ეთამაშა ბელგიის წინააღმდეგ, ამიტომაც გამოვიდა გასახდელიდან მაროკოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობასთან ერთად და თავისი ადგილი დაიკავა ჰიმნების შესრულების დროს. თუმცა, გუნდურ ფოტოზე და თამაშისას კარში საუდის არაბეთის „ალ ვახდას“ კიპერი მოჰამედ მუნირი ვიხილეთ, რომელიც სათადარიგოებში უნდა ყოფილიყო.

მოულოდნელი ცვლილება განპირობებული აღმოჩნდა ბუნუს პრობლემებით — მაროკოელთა მთავარ მეკარეს ბოლო მომენტში თავბრუსხვევა და გულისრევა დაეწყო და თავი იმდენად ცუდად იგრძნო, რომ თამაშს ვეღარ შეძლებდა. მაროკოელების მთავარი მწვრთნელი ვალიდ რეგრაგიც იძულებული გახდა, ბუნუ შეეცვალა და სასწრაფოდ მეორე მეკარე გამოიყვანა.