უცხოური მედიის ცნობით, ისრაელმა სირიაში ის სამხედრო ბაზა დაბომბა, რომლის კონტროლი თურქეთმა დაიწყო
ისრაელმა სირიაში ის სამხედრო ბაზა დაბომბა, რომლის კონტროლიც, გავარცელებული ინფორმაციით, თურქეთმა დაიწყო.
საუბარია პალმირასთან მდებარე ავიაბაზა „ტ 4“-ზე, სადაც, გავრცელებული ცნობით, თურქეთს სურს საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსება.
ისრაელის სამხედრო ავიაციის სამიზნე სირიაში ასევე გახდა ჰამას რეგიონის აეროპორტები და დამასკოს შემოგარენი.
ისრაელის სამხედრო ოპერაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ეს არის გაფრთხილება სამომავლოდ.
„ისრაელი არ დაუშვებს, რომ სირია გახდეს საფრთხე ჩვენი თემებისთვის და უსაფრთხოების ინტერესებისთვის. თუ დაუშვებთ, რომ ისრაელისადმი მტრული ძალები შევიდნენ სირიაში და საფრთხე შეუქმნან ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებს, თქვენ გადაიხდით მძიმე ფასს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებას ზიანი მიადგეს“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
ისრაელის მედიის შეფასებით, ეს იყო გაფრთხილება სირიის ლიდერის, აჰმედ ალ-შარაას მიმართ.