უნგრული მედია - სერბეთში გაზსადენზე „საბოტაჟის მცდელობის“ შემდეგ უნგრეთის მთავრობა გაზსადენის უნგრეთის მონაკვეთის დასაცავად ჯარისკაცებს გაგზავნის
სერბეთში გაზსადენზე „საბოტაჟის მცდელობის“ შემდეგ უნგრეთის მთავრობა გაზსადენის უნგრეთის მონაკვეთის დასაცავად ჯარისკაცებს გაგზავნის. ამის შესახებ უნგრული მედია წერს.
მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ უნგრეთში მილსადენ TurkStream-ს სამხედროები დაიცავენ.
მისი თქმით, სამხედროები დაიცავენ გაზსადენს მთელ სიგრძეზე, სერბეთ-უნგრეთის საზღვრიდან უნგრეთ-სლოვაკეთის საზღვრამდე.
სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გამართა სერბეთის, თურქეთისა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრებთან და ისინი „შეთანხმდნენ, რომ მილსადენი უფრო მკაცრად უნდა იყოს დაცული, ვიდრე ოდესმე“.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მიანიშნა, რომ უკრაინა, შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო „საბოტაჟის მოწყობის მცდელობაში“.
„ადრე უკრაინელებმა ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადი“. აფეთქებების შემდეგ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთი იყო, რაც არალოგიკურია. რატომ უნდა ააფეთქოს რუსეთმა საკუთარი გაზსადენები? ბოლო კვირების განმავლობაში ათობით დრონი მუდმივად ესხმოდა თავს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ „თურქული ნაკადის“ მილსადენს, რომელიც უნგრეთს გაზს აწვდის. ახლა სერბეთის მიერ აღკვეთილი ტერორისტული თავდასხმა, როგორც ჩანს, ამ თავდასხმების ნაწილია“, – დაწერა სიიარტომ.
ცნობისთვის, 5 აპრილს სერბეთმა უნგრეთისკენ მიმავალ გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შესახებ განაცხადა. მათივე თქმით, მილსადენთან ახლოს აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით სავსე დიდი პაკეტები.