უცხოური მედია – ნატო-ს ქვეყნები იმედოვნებენ, რომ ახალი თავდაცვითი ხარჯებისა და შეთანხმებების წარდგენით, ანკარის სამიტზე დონალდ ტრამპთან დაპირისპირებას აიცილებენ
ნატო-ს წევრი ქვეყნები იმედოვნებენ, რომ ახალი თავდაცვითი ხარჯებისა და შეთანხმებების წარდგენით, ანკარის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაპირისპირებას აიცილებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია იტყობინება, რომ გასულ წელს, დონალდ ტრამპმა ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდა, თავდაცვითი ხარჯები მშპ-ს ხუთ პროცენტამდე გაეზარდათ. ახლა წევრი ქვეყნები შეეცდებიან, დაარწმუნონ, რომ ამ მიმართულებით პროგრესს აღწევენ.
„ტრამპისთვის ეს უნდა გახდეს იმის დემონსტრირება, თუ რა წარმატებას მიაღწია და, რომ ყველა მისი მადლიერია, რადგან საკითხის მოგვარებისკენ გადადგა ნაბიჯი“, – განუცხადა მედიას ერთ-ერთმა წყარომ.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვითი ბიუჯეტი ჯამში გაზრდილია, არსებობს სუსტი წერტილებიც, რამაც შესაძლოა, ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვიოს. მაგალითად, მოსალოდნელია, მიმდინარე წელს ჩეხეთმა და სლოვაკეთმა მშპ-ს ორპროცენტიან ზღვარს ვერ მიაღწიონ.
ასევე, მოკავშირეები შეეცდებიან, ტრამპი დაარწმუნონ, რომ მხარს უჭერენ მის ძალისხმევას ირანისა და ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ საკითხებში.
ნატო-ს დიპლომატებისა და მაღალჩინოსნების ცნობით, ქვეყნებს სთხოვეს, დროებით თავი შეიკავონ მსხვილი გარიგებების გამოცხადებისგან, რათა ანკარაში მათ უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვეს.
ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპზე შთაბეჭდილებას სამიტის ადგილიც და მასპინძელი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც მოახდენენ.