უცხოური მედია – ლიეტუვამ, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეების ნაწილს ქვეყანაში შესვლისას რუსეთის აგრესიის დაგმობა დაავალდებულოს
ლიეტუვამ, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეების ნაწილს ქვეყანაში შესვლისას რუსეთის აგრესიის დაგმობა დაავალდებულოს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომლის მიხედვითაც, ბელარუსისა და რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ლიეტუვაში განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და გართობის სფეროებში სამუშაოდ ჩასვლას გეგმავენ, ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ, თუ ისინი ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე საქმიანობდნენ, პირდაპირ ან ირიბად მხარს უჭერდნენ რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ ან მასში მონაწილეობდნენ.
როგორც „დელფი“ იუწყება, აღნიშნული კატეგორიის რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ლიეტუვაში შესვლისთვის მოუწევთ, ხელი მოაწერონ დეკლარაციას, რომლითაც დაგმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და დაადასტურებენ გაერო-ს წესდებისა და მისი პრინციპების, ასევე უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.
ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებების შეტანა იგეგმება კანონში „უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით დაწესებული შემზღუდავი ზომების შესახებ“. ამავე კანონპროექტის მიხედვით, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს აეკრძალებათ სტრატეგიული ობიექტებისა და სამხედრო პოლიგონების მიმდებარედ უძრავი ქონების შეძენა. შეზღუდვა გავრცელდება მათ მფლობელობაში არსებულ იურიდიულ პირებზეც.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ბელარუსის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვა არ აქვთ, ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა სრულად აეკრძალოთ. რუსეთის მოქალაქეებისთვის მსგავსი აკრძალვა უკვე მოქმედებს 2023 წლიდან.
კანონპროექტს თუ დაამტკიცებენ, ახალი წესები 2027 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.