უცხოური მედია აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციის შესახებ
უცხოური მედია აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციის შესახებ

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული, ძებნილი ჯიჰადისტის, აჰმედ ჩატაევის შესახებ უცხოური პრესა წერს.

BBC

BBC -ის ცნობით, სტამბოლის აეროპორტზე გასულ წელს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჩატაევი, თბილისში ერთი კვირის წინ, 20-საათიანი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ ჩატაევმა ალყაში მოქცეულ ბინაში აიფეთქა თავი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, გამოიძების პროცესში ქართველ სამართალდამცავებს დახმარება აშშ-ის კონტრტერორისტული სამსახურის ექსერტებმა გაუწიეს.

ჩატაევი და მასთან ერთად მყოფი ამ დრომდე დაუდგენელი ორი პირი, საქართველოს სპეცდანიშნულების ძალებმა თბილისის მჭიდროდ დასახლებულ გარეუბანში მიიმწყვდიეს. მიმდებარე ტერიტორიიდან მეზობლების ევაკუაციისა და მებრძოლების მხრიდან მოლაპარაკებაზე უარის გაცხადების შემდეგ, ორმხრივი სროლა დაიწყო. შეტაკების შედეგად, ერთი ქართველი ოფიცერი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

გასულ წელს, სტამბოლის აეროპორტში 3 თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლებამ თავდასხმის ორგანიზატორად, სწორედ აჰმედ ჩატაევი დაასახელა და პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს დააკისრა.

აჰმედ ჩატაევი პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობების ფლობის ბრალდებით 2012 წელს დააკავა, თუმცა მან თავდებით გათავისუფლების შემდეგ საქართველო დატოვა“, – წერს BBC.

 

The New York Times

გამოცემა წერს, რომ უწყების მედიაწარმომადგენელმა, ნინო გიორგობიანმა, გასულ კვირას თბილისის გარეუბანში მიმდინარე ოცსაათიანი სპეცოპერაციის დროს, აჰმედ ჩატაევის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ გიორგობიანმა ჩატაევთან ერთად დაღუპული ორი თანამებრძოლისა და ერთი დაკავებულის ვინაობის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა და ასევე არ განუმარტია მათი მოტივი და საქართველოში მოხვედრის გზები.

გიორგობიანის თქმით, გამოძიება გრძელდება და დაღუპული პირების იდენტიფიცირებისთვის, ქართული მხარე საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებული შტატების ექსპერტებთან თანამშრომლობს.

გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ გაერო-ს სასანქციო სიაში ჩატაევი მოხსენიებულია, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი ფიგურა, რომელიც რუსულენოვანი მებრძოლების წვრთნაზე იყო პასუხისმგებელი.

 

Anadolu

სტამბოლის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის სულისჩამდგმელი საქართველოში მოკლეს, -ასეთი სათაურით აქვეყნებს მასალა თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu.

როგორც სააგენტო იტყობინება, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ თბილისში 22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლულ სამ ეჭვმიტანილს შორის აჰმედ ჩატაევი იყო.

Anadolu-ს თანახმად, თურქეთის ხელისუფლებამ წარმოშობით ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე, 37 წლის ჩატაევი 2016 წლის 28 ივნისს აეროპორტზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული თავდასხმის ორგანიზატორად დაასახელა. ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და ცეცხსლასროლი იარაღით მოწყობილ თავდასხმას მაშინ 46 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.