უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად კიდევ ორი, მადრიდისა და პრაღის რეისი დაინიშნა

15:28, 13.04.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად კიდევ ორი რეისი დაინიშნა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, 30 აპრილს განხორციელდება ახალი რეისი თბილისი-მადრისი-თბილისის მიმართულებით, ხოლო 2 მაისს განხორციელდება რეისი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით.

„ეს არის ის ორი ახალი რეისი, რომლის საშუალებითაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ სამშობლოში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, დღევანდელი საკოორნიდანციო საბჭოს სხდომაზე საუბარი იყო სხვადასხვა რეისის განხორციელებაზე.

„დღევანდელ სხდომაზე ვიმსჯელეთ დამატებითი რეისების განხორციელების შესახებ. უახლოესი დღეების განრიგი არის შემდეგნაირი: 14 აპრილს განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით ფრენა, 16 აპრილს თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით, 18 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისის მიმართულებით, 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი, 24 აპრილს თბილისი-ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, 5 540 მოქალაქე ორგანიზებულად დაბრუნდა სამშობლოში.

„ამასთან ერთად, საქართველოს საელჩოებმა და საკონსულოებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 4 051 მოქალაქეს. ჩვენ ყოველდღიურად განვაახლებთ ამ მონაცემებს. საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, ეს მონაცემები იხილოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი