უცხოელი მუშები „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციაზე დღეში 10 საათი მუშაობენ, ზოგიერთს ქუჩაში ძინავს #1TVSPORT
უცხოელი მუშები „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციაზე დღეში 10 საათი მუშაობენ, ზოგიერთს ქუჩაში ძინავს #1TVSPORT

კატალონურმა გაზეთმა, El Periódico-მ ჩაატარა გამოძიება იმის გასარკვევად, როგორ პირობებში მუშაობენ მშენებლები „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციაზე.

მუშები ყვებიან, რომ თავს მონებად გრძნობენ, რადგან აიძულებენ, იმუშაონ ყოველდღე დღეში 10 საათზე მეტი, მათ შორის შაბათს. ასეთი დატვირთვების ფონზე, მათი ხელფასი არ შეესაბამება საბაზროს – ზოგიერთ შემთხვევებში ის კანონით დადგენილ მინიმუმზე ქვემოთაა. ზოგიერთ მუშას ქუჩაში ძილი უწევს, რადგან ოთახის ქირაობა არ შეუძლია.

მუშები, რომლებიც ყველაზე რთულ პირობებში იმყოფებიან, ბარსელონაში სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ. მათი დიდი მაწილი თავს მოტყუებულად მიიჩნევს იმ კომპანიებისგან, რომლებმაც ისინი იქირავეს. მუშები აზრით, დამქირავებლებმა ისარგებლეს იმით, რომ მუშებმა წერა და კითხვა არ იციან. მათ არ ესმით ესპანური ენა, ამიტომაც ხელი მოაწერეს იქ, სადაც მიუთითეს.

ერთ-ერთ მუშას პარასკევობით „კამპ ნოუსთან“ ახლოს, პარკინგზე ძინავს. ის ბარსელონიდან შორს ცხოვრობს და იძულებულია, სტადიონთან დაიძინოს, რათა შაბათს, 8 საათზე მიასწროს სამუშაოზე – საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ დროისთვის აქტიურად არ მოძრაობს. პირველ დღეს ამ მუშამ ნახევარი საათი დააგვიანა და ხელმძღვანელობისგან საყვედური მიიღო. ამის შემდეგ მან პარასკევობით ქუჩაში ძილი გადაწყვიტა, რათა სამუშაო არ დაკარგოს.

შრომის ინსპექციამ რამდენიმეჯერ შეამოწმა „კამპ ნოუზე“ მიმდინარე სამუშაოები. აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების მოთხოვნები სტადიონზე შეესაბამება ნორმებს, მაგრამ მუშების ეკონომიკური პირობები სამართლიანისგან შორს არის.

„ბარსელონა“ არ თამაშობს ამ სეზონში „კამპ ნოუზე“ მასშტაბური რეკონსტრუქციის გამო, რომელიც 2025 წელს დასრულდება.