საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია „ეურაქსესში“(EURAXESS) ოფიციალურად გაწევრიანებას უცხოელი მეცნიერები ეხმაურებიან და ქართველ კოლეგებს ულოცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ტიციანო კამპორესი, რომელიც ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში CERN მოღვაწეობს და CMS ექსპერიმენტის ხელმძღვანელია, მიიჩნევს, რომ გუშინდელი მოვლენა, „ეურაქსესში“ საქართველოს გაწევრიანება, განათლების ხელშეწყობისა და ქართველი მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის საქმეში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
„ეურაქსესში“ გაწევრიანება დაეხმარება როგორც ქართველ მეცნიერებს, ასევე სტუდენტებს, ჰქონდეთ წვდომა ევროპული საგანმანათლებლო ინსტიტუციების სამეცნიერო ქსელებსა და უახლეს ინფორმაციაზე, რაც საშუალებას მისცემს მათ მეტად ინტეგრირდნენ ევროპულ აკადემიურ სივრცეში. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს,“ – აღნიშნა ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორმა ტიციანო კამპორესიმ.
ამასთან, ქართველ კოლეგებს წარმატება უსურვა იაპონიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა, მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაცია – KEK-ის ნაწილაკებისა და ატომების შემსწავლელი ინსტიტუტის პროფესორმა სატოში მიჰარამ.
„მინდა, მოგილოცოთ ეს წარმატება. ამ ხელმოწერით ქართველ მეცნიერებს ექნება წვდომა EURAXESS-ის რესურსებზე და იმედი მაქვს, ეს მოვლენა ხელს შეუწყობს საქართველოში სამეცნიერო საქმიანობის გაზრდას. გილოცავთ კიდევ ერთხელ,“ – განაცხადა სატოში მიჰარამ.
საქართველოს „ეურაქსესში“ გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა.