უცხოელი კოლეგები დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ
უცხოელი კოლეგები დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ

თურქეთის, იტალიის, სლოვაკეთის, შვედეთის, აზერბაიჯანის, სუამის წევრი სახელმწიფოებისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ და შესაბამის წერილებს უგზავნიან.

„თქვენ ხელახლა იწყებთ თქვენს საქმიანობას ძალიან კრიტიკულ მომენტში, რომლის ფარგლებშიც, არსებობს ჩვენს რეგიონში ხანგრძლივად მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების შესაძლებლობა. მე მტკიცედ მჯერა, რომ თქვენი ღირებული წვლილით, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სამაგალითო ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა სახვადასხვა სფეროში, შემდგომშიც განვითარდება ჩვენი ხალხის სასიკეთოდ,“ – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიმართვაში.

იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს, იტალიასა და საქართველოს ურთიერთობების განსამტკიცებლად.

„მოხარული ვარ, თქვენთან ერთად გავაგრძელო საქმიანობა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობების კიდევ უფრო განსამტკიცებლად როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული არაერთი საკითხის დონეზე, რომელთა მიმართ იტალიისა და საქართველოს საერთო მიდგომა გააჩნია,“ – აღნიშნულია იტალიის მთავარი დიპლომატის, ლუიჯი დი მაიოს წერილში.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ სლოვაკეთი გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება ყველა სფეროში. აქედან გამომდინარე, ველი ჩვენს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მეტად განმტკიცებას. ასევე, მსურს კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ სლოვაკეთი გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას,“ – წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სომხეთის პირველმა დიპლომატმა, არა აივაზიანმა ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა სატელეფონო საუბრისას მიულოცა.

„2020 წლის მიწურულს, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს და ბედნიერი, წარმატებული 2021 წელი გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული გულთბილი ურთიერთობების მომავალ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება,“ – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოც მიმართვაში.