უჩა სოსიაშვილი - „საბურთალოს“ აკადემია მაქსიმუმს აკეთებს, ეროვნულ ნაკრებში ჩვენი ბევრი აღზრდილი თამაშობს #1TVSPORT
უჩა სოსიაშვილმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ დათანხმდა ეროვნულ ლიგაში მუშაობის შემდეგ ლიგა 3-ის „საბურთალო 2“-ს მიწვევას, სადაც ერთ თვეზე მეტია მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ უჩა სოსიაშვილი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, ვინც გუნდი ქვეყნის ჩემპიონობამდე მიიყვანა – 2015 წელს მისი ხელმძღვანელობით გორის „დილა“ ისტორიაში პირველად გახდა ოქროს მედლის მფლობელი. მაშინ სოსიაშვილი 26 წლის იყო.
„მადლობა „საბურთალოს“ ხელმძღვანელობას, ნდობა რომ გამომიცხადეს და მომცეს შესაძლებლობა გუნდში მემუშავა. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა. „საბურთალო“ განვითარებული, პროგრესული გუნდია, შესაბამისად, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ამ გამოწვევაზე დათანხმება. არანაირ წინაღობას არ მიქმნიდა ის ფაქტი, რომ უმაღლესი ლიგიდან, ლიგა 3- ში მიწევს მუშაობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტორი,რომ ვხედავ გეგმას, თუ როგორ ვითარდება გუნდი, როგორ პროგრესირებს და ესაა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელ ლიგაში მუშაობ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. უბრალოდ უმაღლესი ლიგა სხვა მიზნისთვის იღწვის, ლიგა 3-ს სხვა მიზანი აქვს. თუმცა, ვთვლი, რომ უდიდესი მიზანი ამოძრავებს ლიგა 3-ს, იქიდან გამომდინარე რომ 2 მიმართულებით უნდა განვითარდეს: როგორც გუნდი უნდა იყოს წარმატებული, ასევე, ინდივიდუალურად უნდა განვითარდნენ ფეხბურთელები იმდენად, რომ შეძლონ ძირითად გუნდში მოხვედრა.
„საბურთალოს“ აკადემიას ნამდვილი პროფესიონალი, თემურ შალამბერიძე ხელმძღვანელობს და აკადემია მთლიანად ასეთი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. გარედან კარგად არ ჩანს, ეს ადამიანები კლუბის წარმატებისთვის რამდენს აკეთებენ. იმ საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე რაც ქართულ ფეხბურთშია, მე ვიტყოდი რომ „საბურთალოს“ აკადემიის მწვრთნელებიც და ხელმძღვანელობაც საქმეში თავის მაქსიმუმს დებენ. ფაქტია, რომ ეროვნულ ნაკრებში „საბურთალოს“ აკადემიის ბევრი აღზრდილი თამაშობს.
ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე ჩვენი გუნდის მიმართ ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს, თითქმის ყველა ამხანაგურ მატჩს დაესწრო, ასევე იმყოფებოდა ვარჯიშებზეც. გარდა იმისა რომ ეს ყველაფერი ასახავს ჩვენს მჭიდრო კომუნიკაციას, ასევე ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს ჩვენს ფეხბურთელებს. ისინი ხედავენ რომ ერთი ნაბიჯი აშორებთ ძირითად გუნდამდე. უკვე გადავიყვანეთ რამდენიმე ფეხბურთელი, ცვლილებები კიდევ იგეგმება. კავშირი ნამდვილად მჭიდროა და მე დარწმუნებული ვარ, ეს „საბურთალოს“ ძალიან წაადგება“, – ამბობს უჩა სოსიაშვილი.