უჩა ძოძუაშვილი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაკვეთით, ორი სახის სახანძრო ავტომანქანის შექმნის პროექტი ხორციელდება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაკვეთით, „დელტას“ ბაზაზე ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან” თანამშრომლობით ორი სახის სახანძრო ავტომანქანის შექმნის პროექტი ხორციელდება,-ამის შესახებ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ ხელმძღვანელმა, უჩა ძოძუაშვილმა ცენტრის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი პროტოტიპები 2019 წელს გამოჩნდება.
„არსებობს აღნიშნული პროექტის განხორციელების შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება. სუპერსტრუქტურა წარმოადგენს როზენბაუერის მიერ შესასრულებელ ნაწილს, ხოლო „დელტა“ მონაწილეობას მიიღებს მისი ინტეგრაციისა და შასის გაძლიერების ნაწილში”, – განაცხადა ძოძუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ცენტრის მიერ დაიგეგმა ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე (International Defence Exibition and Conference) წარსადგენად.
რაც შეეხება ექსპორტს, უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, დაიწყო სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების ინდონეზიისთვის მიწოდების პროექტი, გაფორმებულია ხელშეკრულება. მისივე თქმით, უკვე მიღებულია საავანსო გადახდა და მიმდინარეობს მუშაობა წარმოების მიმართულებით.
„2019 წელს სავარაუდოდ, გავაფორმებთ კიდევ 4 ქვეყანასთან ხელშეკრულებებს სხვადასხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ძოძუაშვილმა.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას” ხელმძღვანელმა, უჩა ძოძუაშვილმა მედიას ახალი საწარმოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ძოძუაშვილმა 2018 წელს განხორციელებულ სამუშაოებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, დღეს ეროვნული წარმოების სამხედრო პროდუქცია ძველი ვერსიისგან განსხვავებით, მხოლოდ საგამოფენო ექსპონატი აღარ არის.