უჩა ძოძუაშვილი - საბრძოლო მანქანა „დიდგორი მეომარი“ ტესტირებას ორ სხვადასხვა ქვეყანაში გადის
უჩა ძოძუაშვილი - საბრძოლო მანქანა „დიდგორი მეომარი“ ტესტირებას ორ სხვადასხვა ქვეყანაში გადის

სსიპ სამხედრო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საბრძოლო მანქანა „დიდგორი მეომარი“ ტესტირებას ორ სხვადასხვა ქვეყანაში გადის. ცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აღნიშნული პროდუქტს ამ ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურები შეიძენენ. ამის შესახებ „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.

გადაცემაში ქართული სამხედრო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი განიხილეს, რომელსაც ძირითადად „დელტა“ აწარმოებს და ექსპორტზეც გააქვს. გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა, რომ „დელტას“ პროდუქციის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს და საწარმო საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანია.

„მაგალითად, „დელტას“ პროდუქტი „დიდგორი მეომარი“, რომელიც მულტიმოდულური სისტემაა და სხვადასხვა ფუნქციური მოდულების დამაგრების საშუალებას იძლევა, ეს სამი მოდიფიკაციის მქონე მანქანა ორ სხვადასხვა ქვეყანაში მიდის, რომ სარესურსო გამოცდები და ტესტები გაიაროს. საუბარია, რომ შემდეგ იგი ძალოვანი სტრუქტურების ერთეულად შევიდეს“, – განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.

მისი განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე „დელტა“ საკმაოდ კონკურენტუნარიანია, რის საფუძველსაც საწარმოს ინტელექტუალური რესურსი ქმნის.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც შეკვეთის მიღება და შესრულება შუძლია, ფაქტობრივად, ჩვენი კონკურენტია. თუმცა, ჩვენ ვახერხებთ პრიორიტეტების დაფიქსირებას. ჩვენი ინტელექტუალური რესურსი საშუალებას გვაძლევს, ძალიან მოკლე დროში დავაკმაყოფილოთ ის სპეციფიკური მოთხოვნები, რასაც კლიენტი გვიყენებს. შესაბამისად, ეს გარკვეული კონკურენტული უპირატესობაა. კონკურენტული უპირატესობაა ისიც, რომ „დელტას“ აქვს საშუალება, რესურსული გამოცდები თუ სხვადასხვა ბალისტიკური გამოცდები საქართველოში სწრაფად განახორციელოს. საბოლოო ჯამში, კონკურენტებს დროში ვუგებთ“, – განმარტა უჩა ძოძუაშვილმა.

„დელტას“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მისი წარმოების პროდუქცია ფართოდ არის დანერგილი ქართულ ჯარში და ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო ვითარდება.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია თავდაცვის სამინისტროს დაინტერესება და ის ნაბიჯები, რაც ყოველდღიურად იდგმება „დელტას“ პროდუქციის ქართულ შეიარაღებულ ჯარში შეტანის მიზნით. უკვე რამდენი წელია, ჯარის პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა ჩვენი პროდუქციით ხდება. ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება. ჩვენი ჯავშანმანქანები თავდაცვის სამინისტროში გამოიყენება. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა ის კომპლექსები, რასაც თავდაცვის სამინისტროს ვუქმნით, სამინისტროს განაწესებს და შიდა რეგულაციებს მოერგოს და ჯარის ოპერირების სტრუქტურაში ჩაჯდეს. ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტროსგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვიღებთ და ვფიქრობთ, რომ „დელტას“ ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს დავფარავთ“, – განუცხადა უჩა ძოძუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.