უჩა ძოძუაშვილი - ქართული სამხედრო პროდუქცია მისი ძველი ვერსიისგან განსხვავებით, მხოლოდ საგამოფენო ექსპონატი აღარ არის
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას” ხელმძღვანელმა, უჩა ძოძუაშვილმა მედიას ახალი საწარმოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ძოძუაშვილმა 2018 წელს განხორციელებულ სამუშაოებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, დღეს ეროვნული წარმოების სამხედრო პროდუქცია ძველი ვერსიისგან განსხვავებით, მხოლოდ საგამოფენო ექსპონატი აღარ არის.
„აშენდა და ძირეულად გარემონტდა ახალი საწარმოები, სადაც მიმდინარეობს ჯავშანმანქანების აწყობის პროცესი და მეტალურგიული სამუშაოები. აღდგენილ იქნა ძველი შენობა-ნაგებობების უმეტესი ნაწილი, მოხდა ჯართად გაყიდული უნიკალური ჩარხ-დანადგარების გამოსყიდვა, უზრუნველყოფილ იქნა მომუშავე პერსონალის ანაზღაურების სტაბილიზაცია, გავაუმჯობესეთ როგორც საწარმოო ბაზა, ისე სამუშაო პირობები. აეწყო პროდუქტის სერიული წარმოებები. ჯავშანმანქანები, ჯავშანჟილეტები, ჯავშანჩაფხუტები და ა.შ. ექსპერიმენტული ნაკეთობის სტადიიდან გადავიყვანეთ სერიულ წარმოებაზე და გავიტანეთ საერთაშორისო ბაზარზე. „დელტამ“ საკუთარი წვლილი შეიტანა როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სოფლის მეურნეობის სფეროში ბუნებრივი პირობებით გამოწვეული ზარალის შემცირებაში, ისე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. დიდძალი შრომის შედეგად, ქვეყანამ შეძლო ეროვნული სამხედრო წარმოებისთვის დადებითი რეპუტაციის შექმნა საერთაშორისო დონეზე. შედეგად, ღირსეული ადგილი დავიმკვიდრეთ საერთაშორისო ბაზარზე.დღეს ეროვნული წარმოების სამხედრო პროდუქცია მათი ძველი ვერსიებისგან განსხვავებით, მხოლოდ საგამოფენო ექსპონატი აღარაა. ეს არის პროდუქტი, რომელიც დიდი ინტერესით სარგებლობს და წარმატებით იყიდება საერთაშორისო ბაზარზე”, – განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ცენტრში გასულ წელს ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის არის 120-მილიმეტრიანი მობილური ნაღმმტყორცნის შექმნა.
„დელტამ დაასრულა „დიდგორი მეომრის“ ახალი მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულის შექმნა. ეს არის ახალი სიტყვა საარტილერიო სისტემებში, რომელიც დამონტაჟებულია „დიდგორი მეომრის“ უკანა მოდულურ ნაკვეთურში. „დიდგორის“ ტიპის ჯავშანმანქანების ოჯახის მორიგი მოდიფიკაცია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ესენია: უნიფიცირებული სავალი ნაწილი, ჯავშანკაფსულა, რომელშიც ხუთი კაცი თავსდება და უკანა მოდულური ნაკვეთური, სადაც სხვადასხვა ტიპის შეიარაღების, ან სადაზვერვო დანიშნულების მოდული მონტაჟდება. მანქანის განსხვავებული მოდიფიკაციის მიხედვით, უკანა ნაწილში შესაძლებელია სადესანტო ნაკვეთური ან სატვირთო ძარა დამონტაჟდეს და სწორედ ამ ნაწილშია მობილური 120- მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული. „დიდგორი მეომრის“ ახალი მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულის საზოგადოების ფართო მასებისთვის წარდგენა მოხდება 2019 წლის 17-20 თებერვალს, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე”, – აღნიშნა ძოძუაშვილმა.
მისივე თქმით, „დელტაში“ აშენდა საქართველოს უახლესი ისტორიის პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საწარმოო ბაზა.
„საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ პირველად, საქართველოს ისტორიაში იხსნება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახალი საწარმოო ბაზა. ოპერირებას დაიწყებს დელტას შვილობილი კომპანია „ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი“, სადაც 140 კვალიფიკაციური პერსონალი და მეცნიერ-მუშაკი მზად არის გაუზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება დამწყებ პრაქტიკოსებს, მისცეს მეტი დასაქმების შანსი და საშუალება, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში “, -აგანაცხადა დელტას ხელმძღვანელმა, უჩა ძოძუაშვილმა.