უბისაში, რკინის საამქროში, სადაც კონსტრუქცია ჩამოიშალა, შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეაჩერა
უბისაში, რკინის საამქროში, სადაც კონსტრუქცია ჩამოიშალა, შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეაჩერა

უბისაში ავტომაგისტრალის მშენებელი კომპანიის საამქროში, სადაც გუშინ კონსტრუქცია ჩამოიშალა და სამი თანამშრომელი დაშავდა, მუშაობა შეჩერდა. ობიექტზე სამუშაო პროცესი შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით შეაჩერეს.

შრომის ინსპექტორის, ირაკლი იობიძის თქმით, ობიექტზე შეზღუდვა მოკვლევის დასრულებამდე გაგრძელდება. რა სახის დარღვევები იყო ადგილზე, შრომის ინსპექციაში ამ დროისთვის ვერ საუბრობენ.

„მიმდინარეობს მოკვლევა. ვიდრე სამუშაო პროცესი დასრულდება, აღნიშნულ ობიექტზე მუშაობა შეჩერებულია. ჩამოიშალა ანგარი, რამ გამოიწვია და იყო თუ არა დარღვევები, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ“, – განაცხადა ირაკლი იობიძემ.

რკინის საამქრო გუშინ ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. მომხდარ ფაქტს შსს იძიებს.