უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული
უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყაზბეგისკენ საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში პირველ არხს განუცხადეს, ბოლო ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება გუდაური-კობის გზის მონაკვეთისა და კალა-უშგულის მიმართულებითაა შეზღუდული. მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია ნაქერალას უღელტეხილზეც. სხვა მიმართულებებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯერჯერობით არ არის შეზღუდული.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მონიტორინგის სამსახური 24 საათიანი მორიგეობას ახორციელებს.

„ისინი მზად არიან, განახორციელონ შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოები. როგორც კი კლიმატური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ზვავსაშიშროების რეჟიმი იქნება მოხსნილი გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, როგორც გუდაურის მხრიდან, ასევე კობის მხრიდან არის მობილიზებული შესაბამისი ტექნიკა და ჩვენ რამდენიმე საათი დაგვჭირდება მოძრაობის აღსადგენად“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.