უამინდობის გამო ჩაკეტილ კობი-გუდაურის გზაზე ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონა დგას
უამინდობის გამო ჩაკეტილ კობი-გუდაურის გზაზე ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონა დგას

კობი-გუდაურის საავტომობილო გზა უკვე მეორე დღეა, ჩაკეტილია. მიზეზი ინტენსიური თოვის შედეგად გამოწვეული ზვავსაშიში ვითარებაა. შეფერხების გამო, დაბა ჟინვალში დაახლოებით სამ კილომეტრზე ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონა დგას.

მძღოლები ცოტა ხნის წინ მოინახულეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქრო ხეხელაშვილმა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მგზავრებს ცხელი საკვები მიუტანეს და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

კობი-გუდაურის მიმართულებით გადაადგილება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე დაიწყება, რის შემდეგაც ავტომანქანები გზის გაგრძელებას შეძლებენ.

ვითარების დარეგულირების პროცესში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა.