უამინდობის გამო, ახალციხის შესასვლელთან ტრაილერები გადაადგილებას ვერ ახერხებენ

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეზღუდულია.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ახალციხის შესასვლელთან ტრაილერები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.  საპატრულო პოლიცია მძღოლებს გადაადგილებას უსაფრთხოების დაცვის მიზნით უკრძალავს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ80-კმ97 მონაკვეთზე, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა – სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახი(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.