უაილდერმა ერთი დარტყმით მოუგო ორტისს (ვიდეო)
უაილდერმა ერთი დარტყმით მოუგო ორტისს (ვიდეო)

ამერიკელმა მძიმეწონოსანმა დეონტეი უაილდერმა მეათედ დაიცვა სუპერმძიმე კატეგორიაში მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) საჩემპიონო ტიტული. მან მეშვიდე რაუნდში ნოკაუტით მოუგო მატჩ-რევანში კუბელ ლუის ორტისს. ეს იყო ამერიკელის კარიერაში 42-ე მოგება (41 – ნოკაუტით) 43 ბრძოლაში.

ექვსი რაუნდი და მეშვიდე რაუნდის პირველი ნახევარი 40 წლის ორტისი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ის მოწინააღმდეგის ტემპს არ ჩამორჩებოდა და ეპიზოდებში ფლობდა კიდეც უპირატესობას.

სასტარტო რაუნდებში ორტისის მარცხენა დარტყმამ რამდენჯერმე მიაღწია მიზანს, ამერიკელი კი ძალიან პასიური იყო. როგორც ჩანს, უაილდერი არ ცდილობდა მოვლენათა ფორსირებას, რადგან იცოდა, რომ ორტისს ბრძოლის მეორე ნახევარში დაღლა დაეტყობოდა.

უაილდერი რეალურად ბრძოლაში მეშვიდე რაუნდიდან ჩაერთო. თავისი შეტევით მან აიძულა ორტისი წინ წასულიყო და ზუსტად შუბლში მოარტყა კუბელს პირდაპირი მარჯვენა დარტყმა. ორტისი რინგზე დაეცა და მსაჯმა მაშინვე შეწყვიტა ორთაბრძოლა.

ეს ამ მოკრივეთა მეორე ბრძოლა იყო. პირველი 2018 წლის მარტში გაიმართა და უაილდერმა ასევე ნოკაუტით მოიგო, თუმცა, მაშინ კუბელი ძალიან ახლოს იყო ნოკაუტთან.

ახლა, უაილდერს ელოდება კიდევ ერთი რევანში – ტაისონ ფიურის წინააღმდეგ. დრო და ადგილი ცნობილია: 22 თებერვალი, ლას ვეგასი.