U21. საქართველო-ისრაელი | გადამწყვეტი ბრძოლა ნახევარფინალისა და ოლიმპიადის საგზურისთვის - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე
U21. საქართველო-ისრაელი | გადამწყვეტი ბრძოლა ნახევარფინალისა და ოლიმპიადის საგზურისთვის - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე

დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102.3).

თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე „დინამო არენაზე“ დღეს, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართოს – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძვის.

დასწრების რეკორდი

ერთი რამ წინასწარაა ცნობილი – ამ შეხვედრაზე, დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ დამყარდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატებზე დასწრების რეკორდი – მატჩზე დასასწრები 54 ათასი ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. მთავარია, ნიდერლანდების მატჩის მსგავსად, გადამყიდველების გამო, ბილეთები გაუსაღებელი არ დარჩეს. თუმცა, 43 ათასი მაყურებლის დასწრება ახალგაზრდული ევროს მატჩზე ისედაც შესანიშნავი შედეგია, რასაც უეფა თავის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში სიამაყით აღნიშნავს.

რამაზ სვანაძის უჩვეულოდ პრაგმატული გუნდი

30 ივნისს საქართველოს ნაკრებმა საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე ივარჯიშა. მანამდე მასპინძელ „დინამო არენაზე“ ჟურნალისტების კითხვებს მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა უპასუხეს. გუნდში მხოლოდ ერთი დანაკლისია – ტრავმირებული ნიკა გაგნიძე.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა A ჯგუფში დაამარცხა პორტუგალია (2:0), ფრედ ითამაშა ბელგიასთან (2:2), ნიდერლანდებთან (1:1) და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართველ მწვრთნელებს შორის რამაზ სვანაძე ერთ-ერთი პირველია, ვინც მოახერხა პრაგმატული ფეხბურთით გუნდის შესაძლებლობების სრულად გამოვლენა – მისი ხელმძღვანელობით ამ თაობას დამარცხებული ჰყავს ისეთი გრანდები, როგორებიცაა ინგლისი, იტალია, ხორვატია, პორტუგალია, ხოლო ბელგიასა და ნიდერლანდებთან კი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფრედ ითამაშა.

რაც შეეხება საქართველოსა და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებების ურთიერთშეხვედრათა ისტორიას, აქამდე ამხანაგურ შეხვედრებში სამჯერ უთამაშიათ, რომელთაგან ორ მატჩში დავმარცხდით (0:2, 1:2) ერთი კი მოვიგეთ (2:1, გოლები: ლოჩოშვილი, არაბიძე).

ისრაელის ნაკრები

საქართველოს დღევანდელმა მეტოქემ C ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. გაი ლუზონის გუნდი პირველ შეხვედრაში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, გერმანიას დაუზავდა (1:1), მიუხედავად იმისა, რომ მთელი მეორე ტაიმი 10 მოთამაშით ჩაატარა – ამას გარდა, ისრაელის მეკარემ, დანიელ პერეცმა ამ შეხვედრაში ორი პენალტი მოიგერია.

მეორე ტურის შეხვედრაში ისრაელი ინგლისთან 0:2 დამარცხდა. გადამწყვეტი გამოდგა ჩეხეთთან დაპირისპირება, რომელშიც საქართველოს დღევანდელ მეტოქეს გამარჯვება ომრი გალდემანმა 82-ე წუთზე გატანილი ბურთით მოუტანა.

ისრაელის ნაკრებს საქართველოსთან მხოლოდ როი რევივო ვერ დაეხმარება – თელ ავივის „მაკაბის“ 20 წლის მარცხენა მცველი ორი ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია. ეს გუნდისთვის დიდი დანაკლისია, რადგან რევივო ისრაელის ეროვნული ნაკრების წევრიცაა.

ტრანსფერმარკტის“ სტატისტიკა

გერმანული ვებგვერდის, „ტრანსფერმარკტის“ მიხედვით, ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი 19.93 მილიონი ევროა, ხოლო გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე „ზალცბურგის“ შემტევი ოსკარ გლუხია – რვა მილიონი ევრო.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური შეფასება კი ორჯერ მეტი – 41,08 მილიონი ევროა, ხოლო გიორგი მამარდაშვილის ფასი (25 მილიონი ევრო)  მეტოქის მთლიან გუნდზე უფრო მეტია.

ცხადია, თამაშს „ტრანსფერმარკტის“ სტატისტიკა ვერ მოიგებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისრაელმა ჯგუფში გერმანიისა და ჩეხეთის ნაკრებები ჩატოვა. ამ გუნდის დასამარცხებლად დიდი თავდადება და მობილიზებაა საჭირო, რაც რამაზ სვანაძის გუნდს ამ ტურნირზე ნამდვილად არ აკლია.