საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა გაგნიძემ კომენტარი გააკეთა ტრავმაზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ბელგიასთან მატჩისას მიიღო.
გორის „დილას“ კაპიტანს მძიმე ტრავმა არ დაუდასტურდა, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დარჩენილ შეხვედრებში ვეღარ დაეხმარება.
21 წლის ნახევარმცველმა ევრო 2023-ზე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან სრულად ითამაშა, ხოლო ბელგიასთან მეორე ტურში შეცვლაზე შევიდა, მაგრამ 66-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა.
ნიკა გაგნიძის კომენტარი გორის „დილას“ პრესსამსახურმა გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ კაპიტანი „დილას“ ვერც სლოვაკურ „დუნაისკა სტრედასთან“ კონფერენსლიგის მატჩში დაეხმარება.
„ბევრად სერიოზულ ტრავმას გადავურჩი, მაგრამ მარტივი დაზიანებაც არ არის. სერიოზული მკურნალობა და რეაბილიტაციაა საჭირო. ვადებს რაც შეეხება, დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირამდე ვერ შევძლებ დაბრუნებას.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს გამხნევებისა და გვერდში დგომისთვის. ასევე მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ ხვალინდელ უმნიშვნელოვანეს თამაშზე“, – განაცხადა ნიკა გაგნიძემ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორი ტურის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ოთხი ქულით პირველ ადგილზეა. ბელგიასა და ნიდერლანდებს ორ-ორი ქულა აქვთ, ბოლო ადგილზე კი ერთი ქულით პორტუგალიაა.
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 27 ივნისს, „დინამო არენაზე“ ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ 20:00 საათზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.