U21 | ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია - ბრიტანელებს საქართველო კარგად დაებედათ [ვიდეო] #1TVSPORT
ბათუმში ევრო 2023-ის ფინალურ მატჩში ინგლისის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესპანეთი 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
შეხვედრა, რომელიც ბათუმში, თითქმის (18,490 მაყურებელი დაესწრო) სავსე სტადიონზე გაიმართა, ბრიტანელებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში ესპანელთა კართან ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ბოლო მომენტში ორივე შემთხვევაში სიზუსტე დააკლდათ.
ესპანეთმა ნელ-ნელა თამაში გამოასწორა და შეუტია, მაგრამ ანგარიში ტაიმის ბოლოს მაინც ინგლისელებმა გახსნეს – არბიტრის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე კოულ პალმერის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კურტის ჯონსს მოხვდა და ესპანელთა კარში გავიდა – 1:0.
ინგლისელებმა ესპანელების სათადარიგოთა სკამთან გოლი გამომწვევად აღნიშნეს, რასაც მეტოქეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა. ხანმოკლე ინციდენტის შემდეგ არბიტრმა ფეხბურთელები გააფრთხილა, მწვრთნელების ასისტენტები კი სათადარიგოთა სკამიდან გააძევა.
ესპანელებმა მეორე ტაიმში მთელი ძალებით შეუტიეს, დაცვაში კი ყურადღება მოადუნეს. ინგლისელებს შეეძლოთ, ამით ესარგებლათ, მაგრამ ვერც ერთმა და ვერც მეორე გუნდმა მეორე ნახევარში გოლი ვერ გაიტანა.
90+6-ე წუთზე ინგლისის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რუისმა შეასრულა, მაგრამ ინგლისელთა მეკარე ჯეიმს ტრაფორდს ვერ აჯობა.
ევროპის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართა, ინგლისმა მოიგო – ლი კარსლის გუნდმა ეს ისე მოახერხა, რომ გოლი არ გაუშვია და ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა (ბოლოს ინგლისელები ჩემპიონები 1984 წელს გახდნენ და ფინალში მაშინაც ესპანელები დაამარცხეს).
საინტერესო დეტალი – საქართველომ ევროპის ასაობრივ ჩემპიონატს ორჯერ უმასპინძლა და ორივეჯერ ინგლისელებმა მოიგეს. 2017 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რომელიც გორში გაიმართა, ინგლისმა პორტუგალია 2:1 დაამარცხა. ასე რომ, ინგლისისთვის საქართველო იღბლიანი ქვეყანაა.
ინგლისი-ესპანეთი 1:0
გოლი: 1:0 ჯონსი (45+4, პალმერის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: აბელ რუისი (90+6)
ინგლისი: ტრაფორდი, აარონსი, ჰერვუდ-ბელისი, კოლუილი, გარნერი, ა. გომესი (73. სკიპი), ჯონსი, სმიტ-როუ (66. მადუეკე), გიბს-უაითი (73. არჩერი), პალმერი (82. ელიოტი), გორდონი (82. დოილი).
ესპანეთი: ტენასი, ვიქტორ გომესი (73. ბარენეტეა), პარედსი, პაჩეკო, მირანდა, ბლანკო (83. კამელო), ალექს ბეანა (59. ოროზო), სანსეტი (59. გაბრი ვეიგა), როდრი (59. რიკელმე), აბელ რუიზი, სერხიო გომესი.
გაფრთხილება: გომესი (24). ალექს ბაენა (34). ბლანკო (37). კოლუილი (45+6). სანსეტი (45+6). გიბს-უაითი (70). ტრაფორდი (73)
არბიტრი: ესპენ ესკასი (ნორვეგია)