U21 | გიორგი წიტაიშვილი - კვიპროსთან გოლი და საგოლე პასი ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა კვიპროსის ნაკრებთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაზე, ასევე ევრო 2023-ისთვის გუნდისა და საკუთარ მზადყოფნაზე ისაუბრა.

გიორგი წიტაიშვილისთვის კვიპროსთან თამაში წარმატებული გამოდგა, მან ჯერ ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ მისი პასით მეორე გოლი საბა ხვადაგიანმა გაიტანა.

წიტაიშვილთან ინტერვიუ 2013 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, დაჩი ცნობილაძემ ჩაწერა.

„გუნდური თამაშის თვალსაზრისით შეხვედრა არც ისე რთული გამოდგა, მაგრამ მე ცოტა გამიჭირდა, რადგან დიდი ხანია არ მითამაშია. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, გუნდში მეორედ ვარ და შეთამაშება მჭირდება.

შეტევაში კარგად გამოვიყურებოდით. ვარჯიშებზე სხვადასხვა კომბინაციას ვამუშავებთ და ჩემი გოლიც ამის შედეგია. კარგია, რაზეც ვარჯიშებისას ვმუშაობთ, თამაშში რომ გადავიტანეთ. სტანდარტული მდგომარეობის დროს ყველა ფეხბურთელს თავისი პოზიცია აქვს, მეორე გოლიც დამუშავებული კომბინაციის შემდეგ გავიდა.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მოგება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო – ჩემთვის მით უმეტეს, რადგან დიდი ხანია არ მითამაშია. კვიპროსთან გოლი და საგოლე პასი ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარება. იმედია, ტურნირზეც ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს გიორგი წიტაიშვილი.