U21 | ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალიდან ვიდეორეფერის სისტემა იმუშავებს #1TVSPORT
საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ვიდეორეფერის (VAR) სისტემა მეოთხედფინალიდან იმუშავებს – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Abola ავრცელებს.
„უეფა საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ვიდეორეფერის სისტემას მეოთხედფინალიდან აამუშავებს. დიდი უკმაყოფილება გამოითქვა საფრანგეთისა და იტალიის შეხვედრისას – მას შემდეგ, რაც იტალიელებს არ ჩაუთვალეს გოლი, როდესაც ბურთმა კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა“, – წერს გამოცემა.
D ჯგუფის პირველი ტურის მატჩში საფრანგეთმა იტალია 2:1 დაამარცხა. „ისტორიული სკანდალი“ და „მსაჯის უამრავი შეცდომა“, – ასე დაასათაურა იტალიურმა პრესამ 35 წლის ნიდერლანდელი ალარდ ლინდჰაუტის მსაჯობა „კლუჟ არენაზე“ (რუმინეთი).
არბიტრმა დამატებულ მეორე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო ფრანგების სასარგებლოდ, იტალიელთა თავდამსხმელ ბელანოვას გოლი არ ჩაუთვალა, რაც გუნდს წაგებას ააცილებდა. გარდა გოლისა, იტალიელები პენალტს და ფრანგი მოთამაშის გაძევებას ითხოვდნენ. ამ ყველაფრის გამო უეფა-სა და ნიდერლანდელ მსაჯს იტალიელები სოციალურ ქსელებში აქტიურად აკრიტიკებდნენ.
„თამაშზე საუბარი მიჭირს, რადგან შეუძლებელია ასეთი მსაჯობის ატანა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკამათო ეპიზოდებმა შედეგზე დიდი გავლენა იქონია“, – განაცხადა იტალიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა, პაოლო ნიკოლატომ.