U21 | დე კუიპერი - ვერ შევნიშნეთ საქართველოს ნაკრებმა თამაშის ხასიათი როგორ შეცვალა #1TVSPORT
ბელგიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, მაქსიმ დე კუიპერმა იმედგაცრუება ვერ დამალა, რომ ევრო 2023-ის ჯგუფში საქართველოს წინააღმდეგ (2:2) შესანიშნავად ჩატარებული პირველ ტაიმის შემდეგ მისმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.
დე კუიპერი საქართველო-ბელგიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „ვესტერლოს“ მარცხენა მცველმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 38-ე წუთზე მეორე გოლი ლარჟი რამაზანმა მისი პასით გაიტანა.
„პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 ვიგებდით, ჩვენთვის ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, უპირატესობას ვფლობდით და გამარჯვებაში ეჭვი არ გვეპარებოდა. მეორე ტაიმში მეგონა, რომ მოედანზე სხვა გუნდი იყო, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდით. სამი ქულა რომ მოგვეპოვებინა, კიდევ უფრო უნდა მოგვემატებინა. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა.
ხომ არ მოახდინა შედეგზე გავლენა სავსე სტადიონმა? არა მგონია, რადგან 2:0 ვიგებდით და დიდ უპირატესობას ვფლობდით. ჩვენ ბევრი ისეთი მოთამაშე გვყავს, რომლებიც სავსე სტადიონზე თამაშს მიჩვეულები არიან.
დასანანია, რომ თავიდან მოედანზე ყველაფერს ვაკონტროლებდით, მაგრამ ვერ შევნიშნეთ, საქართველოს ნაკრებმა თამაშის ხასიათი როგორ შეცვალა – რაღაც გამოგვეპარა, ამის გამო დავისაჯეთ და მოგება ხელიდან გავუშვით“, – ამბობს მაქსიმ დე კუიპერი.