U21 | ბელგიური მედია საქართველოსთან მატჩს გამოეხმაურა - ეს იყო გზა ოცნებიდან კოშმარამდე #1TVSPORT
ბელგიური მედია ევრო 2023-ზე საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრას (2:2) გამოეხმაურა.
voetbalkrant.com-ი – ბელგიის ნაკრებმა საქართველოსთან მოგება ხელიდან გაუშვა
„ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებს მძიმე და მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ – ამოცანა ჯგუფში გალიდერება იყო. საქართველომ პირველი მატჩი მოულოდნელად მოიგო პორტუგალიასთან, ბელგიამ კი ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშა. ასე რომ, მეორე ტურამდე ყველაფერი რიგზე იყო.
თამაში შესანიშნავად დაიწყო – პირველი ტაიმი ბელგიის ნაკრებმა 2:0 მოიგო, არადა, მათ კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლოთ. ქართველებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, წიტაიშვილისა და გულიაშვილის გოლებით ანგარიში გაათანაბრეს, ახალ ჯგუფს ოთხი ქულით საქართველო ლიდერობს“.
lalibre.be – ეს იყო გზა ოცნებიდან კოშმარამდე
„ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ ფრედ 2:2 ითამაშა საქართველოსთან. პირველ ტაიმში ბელგიელების მიერ მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ქართველებმა მეორე ნახევარში გააბათილეს.
ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრების ფანტასტიკური პირველი ტაიმის შემდეგ თითქმის სავსე სტადიონზე (41 886 მაყურებელი) საქართველო შეტევაზე გადავიდა, 87-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და „დინამო არენა“ სიხარულისგან „ააფეთქა“, ეს იყო გზა ოცნებიდან კოშმარამდე.
მასპინძლების მწვრთნელმა შესვენებაზე სამი შეცვლა განახორციელა და ორმა მათგანმა, გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი გულიაშვილმა გაიტანეს. ახლა ქართველები ოთხი ქულით ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერები არიან“.
Voetbalprimeur-ი – საქართველო გუნდურად ძლიერია
„ნიდერლანდებთან ბელგიელებმა პირველი ტაიმი არცთუ ისე კარგად ჩაატარეს. შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. ასევე განსხვავებული ტაიმები ვიხილეთ საქართველოს წინააღმდეგ – პირველი ტაიმი ბელგიელებმა 2:0 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ჯეკი მატისენის გუნდმა უპირატესობა დათმო და მოგება ხელიდან გაუშვა, ეს იყო მძიმე გაკვეთილი ჩვენი ახალგაზრდებისთვის.
ქართველები ერთსულოვნები იყვნენ და შედეგს ამით მიაღწიეს. ევროპის ჩემპიონატის სხვა მატჩიებისგან განსხვავებით, სტადიონი ბოლომდე გაივსო. მეორე ტაიმში გულშემატკივრებმა თავიანთ გმირებს შეტევისკენ უბიძგეს. როგორც ჩანს, თავის პირველ დიდ ტურნირზე საქართველო მეოთხედფინალში გავა“.
საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ ოთხი ქულით პირველ ადგილზეა და ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს 27 ივნისს, 20:00 საათზე ნიდერლანდებთან გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდს ევრო 2023-ის მეოთხედფინალში გასასვლელად ამ მატჩში ქულის მოპოვებაც ჰყოფნის.