U20 საქართველო 17:24 ინგლისის საგრაფოები U20 (ფოტო)
U20 საქართველო 17:24 ინგლისის საგრაფოები U20 (ფოტო)

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, უმცროსი ბორჯღალოსნების პირველი და მეორე ნომრების ნაზავმა გუნდმა ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებთან ითამაშა.

თედო აბჟანდაძემ პირველსავე წუთზე გახსნა ანგარიში საჯარიმო დარტყმით. ინგლისელებმა პასუხი არ დააგვიანეს, ორჯერ ჯარიმა არ დაარტყეს, მორკინალებით დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გაშალეს, ფლანგზე მეტობა შექმნეს და ლელოს რთული პოზიციიდან ზუსტი გარდასახვა მიაყოლეს.

გასატანი პოზიციიდან ორჯერ ჯარიმა არც ჩვენ დავარტყით, მეორე ჯერზე 20-ზე მეტი ფაზით ვუტიეთ, მაგრამ სტუმრებმა ძალიან კარგი დაცვა ითამაშეს. შესვენებამდე ანგარიშის შეცვლის შანსი ინგლისელებმა ორჯერ მიიღეს და აქედან ერთი ჯარიმა გაიტანეს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 3 ქულის აღებაზე საბოლოოდ თქვეს უარი, თუმცა ლელოს გატანაც ვერ შეძლეს და ტაიმი მეტოქემ 10:3 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეს 14 ქულით ჩამოვრჩით. ცენტრალურ ხაზთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, მარცხენა ფრთაზე გარემარბი მარტო დარჩა და მას ვეღარავინ დაეწია – 3:17. 51-ე წუთზე ინგლისელებს არეკნი დავუფარეთ, ხოლო უპირატესობით დაბრუნებული ჯარიმა არაზუსტი იყო.

პირველი ლელო „ბორჯღალოსნებმა“ 62-ე წუთზე დადეს. ჩვენმა შერკინებამ ამჯერადაც იმძლავრა, სანამ რეფერი საჯარიმო ლელოს ჩასტვენდა ბურთი გიორგი მარგალიტაძემ აიტაცა და ძელებსშუა შესრიალდა, ხოლო ლაშა ლომიძემ გარდასახა – 10:17.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა წნეხი კიდევ უფრო გააძლიერეს, ბურთზე კონტროლი დაამყარეს და მთელი დრო შეტევაში გაატარეს. ინგლისელებმა ჯარიმებს მოუხშირეს და მატჩის მიწურულს სინბინით კიდევ ერთი მორაგბე დაკარგეს. 76-ე წუთზე ისინი 5-მეტრა დერეფნის შემდეგ მოლში არ შემოვიდნენ, თუმცა ბურთის მომგებმა თორნიკე ჯალაღონიამ ჭკვიანურად ითამაშა, ოვალი არ დათმო და თავად შეუტია, ლელო კი არჩილ აბესაძემ გაიტანა.

ლომიძემ გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა და „ავჭალაზე“ შეკრებილ ქომაგს დარჩენილ 3 წუთში გამარჯვების იმედი ჩაესახა, მაგრამ შეტევაში გართულ ქართველებს დაცვა დაავიწყდათ, სტუმართა ფულბეკმა ინდივიდუალური გარღვევა მოაწყო და ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებმა 24:17 იმარჯვა.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი