U 21 | საქართველოს ნაკრების მეტოქე - ბელგიის ნაკრებმა ლოის ოპენდა 21-წლამდელებს დაუთმო #1TVSPORT
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ ახალგაზრდულ ნაკრებს „ლანსის“ თავდამსხმელი ლოის ოპენდა დაუთმო, იგი ევრო 2023-ზე ნიდერლანდებთან პირველივე ტურის მატჩში ითამაშებს, – ინფორმაციას voetbalkrant-ი ავრცელებს.
„ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟაკ მატისენმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელისგან, დომენიკო ტედესკოსგან კარგი ამბავი შეიტყო – იგი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩში ნიდერლანდებთან ლოის ოპენდას დაიმატებს.
ისრაელთან ამხანაგურ მატჩში ბელგიელებმა ნიკოლას რასკინის დუბლით 2:0 მოიგეს, მაგრამ ჟაკ მატისენისთვის ცხადი იყო, რომ მის გუნდს საგოლე მომენტების რეალიზაცია უჭირდა.
ოპენდა ნიდერლანდების წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს. 21-წლამდელებში გამოძახებული ნაკრების სხვა მოთამაშეები (ოლივიე დემანი, ასტერ ვრანკსი და ამინ ალ-დახილი) ამ დროისთვის კვლავ ბელგიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადებიან და ახალგაზრდულ ნაკრებს ესტონეთთან მატჩის შემდეგ შეუერთდებიან“, – წერს ბელგიური გამოცემა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
U21 | მატჩების განრიგი
21 ივნისი, 20:00 | საქართველო – პორტუგალია
24 ივნისი, 20:00 | საქართველო – ბელგია
27 ივნისი, 20:00 | საქართველო – ნიდერლანდები