ტყის უკანონოდ სარგებლობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
ტყის უკანონოდ სარგებლობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

ტყის უკანონოდ სარგებლობის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მომზადდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ის ცვლილებები წარადგინა, რომლითაც უნდა მოწესრიგდეს და გამკაცრდეს ტყის გამოყენების წესები.

პრემიერ-მინისტრმა საკითხზე საუბრისას მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მომზადებული ცვლილებები ქვეყანაში ორგანიზებული ტყით სარგებლობას განავითარებს.

გიორგი კვირიკაშვიილს განმარტებით, ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი ტყის განვითარების პროცესს, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამინისტრო ამ საკითხში ვერ იქნება წარმატებული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა და შემდეგ ყველა ძალოვანი უწყების კოორდინირებული მუშაობა იქნება აუცილებელი, რათა ქვეყანაში ტყით უკანონო სარგებლობას ბოლო მოეღოს.

„მნიშვნელოვანია, რომ მარტივდება და ხელმისაწვდომი ხდება ტყეში არსებული ნარჩენით სარგებლობა. ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების ათვისება და გამოტანა დასაშვები იქნება მყარი ბიოსაწვავის – ბრიკეტების, პელეტების და სხვათა წარმოების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩახერგილობის პრობლემას მოაგვარებს და ხანძრის პრევენციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი უკვე იწყებს გადასვლას ტყის ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით სარგებლობაზე, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს. ეს მნიშვნელოვნად დაზოგავს ტყის ჯანსაღ რესურსს ქვეყანაში და ტყის აღდგენას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა ბევრს მუშაობს, რათა ის ზიანი, რომელიც გასულ წლებში მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, ზოგჯერ ავბედობით, ზოგჯერ დანაშაულებრივი ქმედებებით, გამოსწორდეს და  მომავალ თაობებს არ დარჩეს ეს მემკვიდრეობა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღარ მოხდება სოციალური ჭრის ფარგლებში პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ გამოსაყენებელი ხე-ტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან.

პრემიერის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშეშე რესურსის დამზადებასაც უზრუნველყოფს სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო დაა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით.

„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილებები ამ ეტაპზე არ ეხება მოსახლეობის შეშით მომარაგების არსებულ მექანიზმს. მინდა ყველა თქვენგანს ვთხოვო, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვინაიდან ამ ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება ნებისმიერ წარმატებაზე საუბარი. სამწუხაროდ, ისიც მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ეს ვერ მოხდება ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ადამიანის ჩართულობის გარეშე. ამ სფეროში ჩართული ადამიანების ინოვაციური ფანტაზიები უსაზღვროა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – ბენზინმზიდებში ჩაწყობილი მასალა, სასწრაფო დახმარების მანქანებში უკანონოდ ჩაწყობილი მასალა, ვითომ მომაკვდავი პაციენტი გადაჰყავთ და ა.შ. ამ ადამიანების ამორალურობასა დაა წარმოსახვას ზღვარი არ აქვს და ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი. ყველა მათგანს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე და ამას, დამერწმუნეთ, ვერაფერი შეცვლის, რადგან სამინისტროს და ძალოვან უწყებებს აქვთ უმაღლესი დონის მხარდაჭერა, რომ ეს ქმედებები განახორციელონ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.