ტყის ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წლიდან შეშის ყიდვა მხოლოდ ე.წ. საქმიანი ეზოებიდან იქნება შესაძლებელი 
ტყის ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წლიდან შეშის ყიდვა მხოლოდ ე.წ. საქმიანი ეზოებიდან იქნება შესაძლებელი 

ტყის ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა აღარ იარსებებს და მოქალაქეები სპეციალური ბილეთის საფუძველზე ტყეში შესვლასა და შეშით უზრუნველყოფის მიზნით ხე-ტყის დამზადებას ვეღარ შეძლებენ.

ახალი კოდექსით ხე-ტყის რეალიზაცია ე.წ. საქმიანი ეზოებიდან მოხდება, რომელსაც სატყეო სააგენტო შექმნის, ხე-ტყეც უწყების მიერ დამზადდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განუცხადა, ცვლილებების მიუხედავად, მოქალაქეებს შეშის მიღება იმავე ფასად შეეძლებათ, რამდენსაც ამისთვის ახლა ხარჯავენ.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ დღეს მოქმედი ნორმებით დაბლობში დასაშვებია შვიდი კუბური მეტრი საშეშე მერქნული რესურსით სარგებლობა, მაღალ მთაში კი – 15 კუბური მეტრი.

„მოსახლეს ერთი კუბური მეტრი შეშის მოპოვება საშუალოდ 100-150 ლარი უჯდება. ჩვენი გათვლებით, ე.წ. სოციალური ჭრის აკრძალვის შემდეგ, ფასთა სხვაობა აღარ იქნება, ანუ დღეს რასაც იხდის საშუალოდ მოსახლე შეშაში, იგივე თანხის გადახდა მოუწევს. ასევე გარკვეული შეღავათები იმოქმედებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები საშეშე მერქნით უფასოდ მომარაგდებიან” – ამბობს ნინო თანდილაშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, ახალი კანონი რეგიონებში ამ მიმართულებით დასაქმების ახალ შესაძლებლობებსაც იძლევა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სატყეო-სამეურნეო საქმიანობის გარდა, შესაძლებელი იქნება ტყით სარეკრეაციო მიზნებისთვის სარგებლობა, ასევე პლანტაციური მეურნეობით სარგებლობა.

„ტყის მართვაზე უფლებამოსილ ორგანიზაციას – სატყეო სააგენტოს დაევალება შექმნას ე.წ საქმიანი ეზოები, სადაც მოხდება უწყების მხრიდან ხე-ტყის დამზადება და შემდეგ სწორედ ამ ეზოებიდან რეალიზაცია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან „საქმიან ეზოებში” დასაქმდებიან და ხე-ტყის დამზადებაში ჩაერთვებიან სწორედ ის ადამიანები, ვისაც დღესაც რეგიონებში ეს ფუნქცია აქვთ შეთავსებული. ჩვენი გეგმაა, ვიდრე ხე-ტყის დამუშავებას სახელმწიფო სრულად გადმოიბარებს, ამ მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის უნარ-ჩვევები ამაღლდეს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსი“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით განიხილეს. საკითხი სხდომაზე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.