ტყიბულში მეშახტეების აქცია მიმდინარეობს
ტყიბულში მეშახტეების აქცია მიმდინარეობს

ტყიბულის ცენტრალურ მოედანზე მეშახტეების აქცია მიმდინარეობს. მეშახტეები გარანტიებს ითხოვენ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ მინდელის შახტში მადნეულის მოპოვება განახლდება.

ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, დოკუმენტურად უნდა დადასტურდეს, რომ ისინი შახტის დახურვის პერიოდში ანაზღაურებას ნამდვილად მიიღებენ.

„ჩვენ გვჭირდება დოკუმენტით დადასტურებული პირობა, რომ სრულად ავიღებთ იმ დღეების ხელფასს, როცა შახტი დახურულია“ – განაცხადა მეშახტეთა პროფკავშირების პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარემ გაგა ისაკაძემ.

ამასთან, აქციის მონაწილეები „საქნახშირის“ ადმინისტრაციას პასუხისმგებელ პირად ელდარ ჩაფიძის კანდიდატურას სთავაზობენ. მათი თქმით, ჩაფიძე პროფესიონალია, რომელსაც 50 წლიანი გამოცდილება აქვს.

აქციამ ცენტრალური მოედნიდან გამგეობის წინ გადაინაცვლა.

ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შახტი დაიხურება და არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება, როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, ხოლო ვიდრე დახურული იქნება, შახტში დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ